იაპონიაში, კუმამოტოს „პარკ დოუმზე”, ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატის მთავარ ეტაპზე II ჯგუფის ჯერი დადგა. დღეს I ჯგუფი ისვენებდა. ხსენებულ ჯგუფებში ექვს-ექვსი გუნდია, რომელთაც ქულათა გარკვეული რაოდენობა პირველი ეტაპიდან წამოჰყვათ — გააჩნია, ვინ როგორ ითამაშა იმ ორ თანაჯგუფელთან, მეორე ეტაპზე მათთან ერთად რომ გადავიდა.

დღის პირველ მატჩში რუსეთი მონტენეგროს შეხვდა. აქამდე რუსები მხოლოდ მოგებებით მოდიოდნენ და თუ მონტენეგროსაც დაამარცხებდნენ, გახდებოდნენ პირველები, ნახევარფინალში თამაშის უფლებას ოფიციალურად რომ გაინაღდებდნენ. მონტენეგროს კი თავის მხრივ რუსეთისთვის აუცილებლად უნდა მოეგო: თუ მეორე შეხვედრაში ესპანეთი იაპონიას დაამარცხებდა, მონტენეგროელები ბოლო დღეს იმედგადაწურულები აღარ შეხვდებოდნენ.

ასე არ მოხდა. მონტენეგროს ნაკრებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა კი გაუწია და პირველი ტაიმის 24-ე წუთამდე ერთი-ორი ბურთით სულ უგებდა კიდეც, მაგრამ შესვენებამდე დარჩენილ 6 წუთში უპირატესობა ხელთ რუსებმა იგდეს და ტაიმი 17:16 მოიგეს. შესვენების შემდეგ, ბალკანელები საბოლოოდ მდევრებად იქცნენ და 48-ე წუთზე მეტოქეს მთელი 5 ბურთით ჩამორჩნენ. ეს გარდატეხის მომენტი გამოდგა. რუსეთმა მოიგო 35:28.

ესპანეთმა კი ჩემპიონატის მასპინძელს, იაპონაის აჯობა — 33:31 (17:13). ამ დრამატული შეხვედრის მიწურულს დარჩა უცნაური შთაბეჭდილება, რომ მსაჯები რამდენჯერმე… მასპინძლების საწინააღმდეგოდ შეცდნენ.

და მაინც, მატჩის ზოგადი სურათი ევროპელების სასარგებლო იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტწილად სწორედ ისინი იყვნენ წინ. უფრო სწორედ კი ასე უნდა ვთქვათ: ეს იყო თითქმის თანაბარი შეხვედრა, რომელშიც წინ ესპანეთი გადიოდა. მატჩის მსვლელობისას ანგარიში 17-ჯერ გათანაბრდა.

მეორე ტაიმში იაპონიამ მეტოქეს ერთადერთხელ გაუსწრო, რაც 48-ე წუთზე მოხდა, როდესაც ანგარიში გახდა 25:24, მაგრამ ესპანეთმა იქვე გაათანაბრა, შემდეგ უპირატესობაც დაიბრუნა და მოიგო.

ხვალ II ჯგუფის ლიდერები, 8 ქულიანი რუსეთი და 7 ქულიანი ესპანეთი ერთმანეთს ხვდებიან და გაარკვევენ ვინ გავა პირველ ადგილზე, თუმცა… თუ რუსეთი ესპანეთს მოუგებს, შვედეთი კი მონტენეგროს, მაშინ ესპანელებსა და შვედებს 7-7 ქულა დაუგროვდებათ და მათ შორის უმჯობესის გამოსავლენად ბურთების თვლა დაიწყება. ამწუთას ესპანეთის მონაგარი +18 გახლავთ, შვედებისა კი +12.

ასეთი სატურნირო მდგომარეობა კი დღევანდელი დღის მესამე შეხვედრაში შვედების მიერ რუმინელების 34:22 ძლევამ განაპირობა. რუმინეთს რომ მოეგო, ესპანეთი უკვე ნახევარფინალში იქნებოდა, მაგრამ ვაგლახ, შანსი არ ჰქონდა.

ხვალ, ორივე ჯგუფი თამაშობს.
I ჯგუფში ერთმანეთს ხვდებიან: სამხრეთ კორეა-ჰოლანდია; სერბეთი-დანია; ნორვეგია-გერმანია.

II ჯუფში ერთმანეთს ხვდებიან: ესპანეთი-რუსეთი; რუმინეთი-იაპონია; მონტენეგრო-შვედეთი.