არც მეხის გავარდნა იყო და მოულოდნელიც არაფერი მომხდარა. ის კი არა, თვითონ რუსეთშიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) 9 დეკემბრის საგანგებო აღმასკომის სხდომის შედეგებსაც წინასწარვე შეგუებულნი.

აკრძალული პრეპარატების მიღებასა და სხვა მამაძაღლობაში მხილების გამო რუსი ათლეტების დასჯა ჯერ კიდევ რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან დაიწყო, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ძალოსნობასა და კიდევ რამდენიმე სახეობიდან მოკვეთეს. შემდეგ იყო პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადა, როდესაც 168 რუსი ათლეტი გახსნის ცერემონიალის აღლუმზე ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით გამოვიდა, ხოლო დაჯილდოებისას არც რუსეთის დროშა ჩანდა და ჰიმნიც არ გაჟღერებულა.

ძალიან ცუდად გაუსამდათ. ლოზანაში გამართულ WADA-ს აღმასკომმა რუსეთს, სპორტის ყველა სახეობაში 4 წლის ვადით საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა და მათში მონაწილეობა აუკრძალა. ვერდიქტი, რა თქმა უნდა, ვრცელდება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე და თავისთავად ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა გამონაკლისი მხოლოდ ე.წ. „სუფთა“ სპორტსმენებზე დაიშვება, მაგრამ ისინი საკუთარი ქვეყნის სახელით ვერ იასპარეზებენ. გარდა ამისა რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისობის სტატუსიც ჩამოართვა.

ამრიგად, მოახლოებულ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ასევე 2022 წლის პეკინის თეთრ ოლიმპიადაზე რუსეთის დროშა ვერ იფრიალებს და თავისთავად არც ჰიმნი გაისმება. ასე იქნება ყატარში გასამართ საფეხბურთო მონდიალზე თუკი რუსეთის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევს.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი ძველებურად დარჩება ევრო 2020-ზე, რადგან ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს – უეფას, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გადაწყვეტილებები არ ეხება. შესაბამისად, სანქტ-პეტერბურგიც იმ 8 მასპინძელ ქალაქს შორის დარჩება, რომელიც გაისად ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და რუსეთის ნაკრებიც ტურნირში ჩვეულებრივად ითამაშებს.