სნუკერის ტურნირების სერიებს 2020 წლიდან ერთი სერიოზული შეჯიბრიც ემატება, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. აბა, იქაური შეიხები რისი შეიხები იქნებოდნენ ტურნირისთვის დამატებითი ინტრიგა არ შეეძინათ და უფრო განსაკუთრებული არ გაეხადათ, ვიდრე რიგითი სერიის გათამაშებაა. და რითი შეიძლება ევრო-დილარებში მობანავე შეიხებმა, შეჯიბრი აქამდე გამართული წინამორბედებისგან ყველაზე გამორჩეული გახადონ თუ არა ფულით? ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.
World Snooker იუწყება, 4-10 ოქტომბერს, ქალაქ ელ-რიადში გასამართი შეჯიბრი უკვე ოფიციალურად არის შეტანილი სნუკერის შეჯიბრებათა კალენდარში, ხოლო მისი საპრიზო ფონდი სნუკერისთვის სარეკორდო 2,5 მილიონ გირვანქას შეადგენს, რაც 3 მილიონ ევროს უტოლდება.
„ეს სნუკერისთვის წინგადადგმული უდიდესი ნაბიჯია. ბოლო 10 წლის მანძილზე, ჩვენ ევროპასა და აზიაში ფეხი მყარად მოვიკიდეთ და რამდენიმე მაღალი რანგის ტურნირი დავნერგეთ, ახლა კი ახლო აღმოსავლეთის დროც დადგა. საუდის არაბეთის მოსახლეობისთვის, რომლებსაც უყვართ სნუკერი, შესანიშნავი შანსი ეძლევათ დიდი მოთამაშეები იხილონ. საპრიზო ფონდი კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ამითაც დასტურდება, რომ არ შევცმდარვართ, როდესაც არჩევანი საუდის არაბეთზე გავაკეთეთ,“ – ამბობს სნუკერის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენელი ბარი ჰირნი.
რა გასაკვირია, რომ საუდის არაბეთში ახლადგამოჩეკილ ტურნირზე სნუკერის ყველა ვარსკვლავი და პროფესიონალურ ტურში მყოფი 128 წევრი მიიღებს მონაწილეობას.