ევრო 96-ზე მოთამაშე პატარა კრუიფს რომ ჰკითხეს, ზურგზე გვარი რატომ არ გაწერიაო, მან მედიდურად მიუგო: სირცხვილია ჰოლანდიის ნაკრებში ვინმეს ეწეროს ეს გვარი და არ ამძიმებდეს, ამიტომაც ჩემი ჯორდი მირჩევნიაო. გამოხდა ხანი და პატარა კრუიფი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილეთ. ზურგზე მამისეული №14 დაუკრავს და გვარსაც აღარ მორიდებია, კრუიფი მოურგია, იფიქრებთ, დიადი გვარი და ნომერი ამძიმებსო. მაგრამ საქმე ასე არ არის.

ხორდი ესპანელებისთვის სახელია. ჯორჯი – ინგლისელებისთვის, ამ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის მცხოვრებსა ჰქვია. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჯორდის ხშირად ისე წარმოთქვამენ, რომ ამ სიტყვის ქვეშ სოფლელს (უცუდესი გაგებით), პროვინციელს, ტეტიას, რქიანსა და ქაჯს გულისხმობენ. ამიტომაც დიდად ორაზროვანი რამ არის, კაცი რომ ინგლისურ მინდორზე გამოდის და ზურგზე ჯორდი აწერია.

ნამდვილ ჯორდებს კი ამით არაფერი აკლდებათ. თუმცა ძალიან ბრაზობენ, როცა ცუდი გაგებით უწოდებენ ჯორდას. სხვაფრივ ეს გახლავთ დაუზარელი, მხიარული, უეშმაკო და ახირებული ხალხი. საფეხბურთო სამყაროში, რამდენადაც მსმენია, ოთხი განთქმული ჯორდი მოღვაწეობს: “ბარსას” მწვრთნელი ბობი რობსონი, თავად ჯორდთა დედაქალაქის გუნდის მწვრთნელი კევინ კიგანი, გლაზგოში მოთამაშე კაცი, მგონი პოლ გესქოინი რომ ჰქვია და ინგლისის ნაკრების კაპიტანი ალან შირერი.

ჯორდის ზეობა-მეთქი და არცთუ ტყუილად, ალან შირერი ხომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი შეიქმნა! 17 წელია ინგლისელი ამ ტიტულს არ დაუფლებია და იცი მკითხველო, ეს 17 წელიწადი რა 17 წელიწადია? მთელი საუკუნეა. მოკლედ, ევროპას საუკეთესოობა ამ 17 წელიწადში მსოფლიო საკუთრება გახდა, ივარგეს რუსებმა, ზანგებმა, სურინამელებმა და უცებ ჯორდი.

მე ნიუკასლელი “ჟეშტიანჩიკის” ბიჭი ვარ, მე ყოველთვის აქაურად ვგრძნობდი თავს – უთქვამს საჯორდეთს, ტინსაიდის გულისგულში დაბრუნებულ შირერს, მართლაც ასე იყო, ამ პირდაპირ და მხიარულ მობურთალს, ცალხელაღმართული რომ ზეიმობს ხოლმე გამარჯვებას, თამაში უპირველსად მშობლიურ ალაგას უხარია.

ბოროტი ენები ამბობენ, ალან შირერი კარგად შენიღბული გაზაა, ახირებული კაცი, რომელიც იმიტომ არ გამოხატავს თავის ჯორდულ ხასიათს ხმაურით, რომ ჭკვიანი ბიჭია და თავს იკავებსო. მაგრამ ამას არანაირი კავშირი არა აქვს ფეხბურთთან.

ძალიან გამიკვირდა, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე – ევროპული მედია არ სწყალობს ხოლმე შირერის ყაიდის ფეხბურთელებს. მაგრამ ჩანს, დრო გამოიცვალა.

ვინ არის ჩემთვის ალან შირერი?

ერთი შეხედვით, შირერი ბილი რაიტის ეპოქის ფეხბურთელსა ჰგავს. თავისი მოყვანილობით, იერით და მოძრაობით შირერი ძველი ინგლისური ყაიდის მოთამაშეა. იმ დროის კაცსა ჰგავს, თავდამსხმელებს რომ ცენტრფორვარდს უწოდებდნენ და გუნდში ერთადერთ გამტანად ესახებოდათ.

მეორე მხრივ, შირერი ძალიან თანამედროვე და საოცრად სწრაფი ვინმეა აზროვნებითაც და მოქმედებითაც. დღეს იშვიათია ფეხბურთელი, რომელიც ამგვარად ირჩევდეს პოზიციას და ასე ზუსტად ურტყამდეს კარში.

აჰ, შირერის დარტყმები. ეს საერთოდ ცალკე თემაა., სწორედ მისი დარტყმები გაახსენებს კაცს ძველი დროის ინგლისელ ფეხბურთელებს. ამ დარტყმაში არ არის აქცენტი ეშმაკობისა და მოხერხებაზე, არამედ გასაოცარ სიზუსტეზე.

ინგლისური ლიგა უხვგოლიანი რამ არის და მაინც გასაკვირია ბოლო 3 წელიწადში შირერის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა.

ისევ გავიმეორებ – შირერის გოლები დღევანდელი ფეხბურთის მშვენებაა, მაგრამ მათ შორის საუკეთესონი ისე მოხდენილად, განუმეორებლად და სევდისმომგვრელად გახსენებს წარსულს, რომ…

გაუმარჯოს მხიარულ ჯორდის (კარგი გაგებით).

P.S. ეგებ შირერი მართლა გახდეს ევროპაში საუკეთესო, ჰა? თანაც, 17 წლის წინ ასეთი ხომ ჯორდი გახლდათ.

14.12.1996

წილი
წინა სტატიასავალდებულოდ… რუსეთისთვის
შემდეგი სტატიამთავარი ეტაპი წამოღებული და შეძენილი ქულებით
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.