არა და არ დაადგა საშველი „არსენალის” კრიზისს. გუშინ, „ემირეით სთედიუმზე” „მეთოფეებმა” „ბრაიტონთან” წააგეს 1:2 და ეს გერმანელი ვეტერანისთვის, მესუთ იოზილისთვის, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ყველაზე მძაფრად მან გამოხატა თავისი სიბრაზე.
ამ თამაშამდე „არსენალს” ზედიზედ რვა შეხვედრა არ ჰოქონდა მოგებული. „ბრაიტონმა” კი, როგორც გითხარით, ჩრდილოლონდონელებს მორიგი წარუმატებლობის დღე გაუთენა. ანგარიში ბრაიტონელმა ადამ ვებსტერმა გახსნა, რასაც არგენტინელმა „მეთოფემ” ალექსანდრ ლაკაზეტმა გათანაბრებით უპასუხა, თუმცა სტუმართა ფრანგმა თავდამსხმელმა ნილ მოპიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. სურათის სიცხადისთვის უნდა ითქვას, რომ ამ შეხვედრაში „არსენალი” არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც გამარჯვებას აპირებდა.
„არსენალის” დროებითმა მწვრთნელმა ფრედი ლიუნგბერგმა მესუთ იოზილი ზედიზედ მეორედ გამოიყვანა ძირითად შემოადგენლობაში, მაგრამ გერმანელმა გუნდის თამაშზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა და საფინალო სასტვენის შემდეგ, ბრაზიც ვერ შეიკავა.
გზად მოედნიდან გვირაბისკენ იოზილი „არსენალის” მწვრთნელებს მიმართავდა აგრესიული ჟესტებით. სხვების რა გითხრათ და მათ შორის აშკარად იყო პერ მერტესაკერი.
ინტერნეტში დაიდო ინფორმაცია, რომ გერმანელმა ლონდონელთა გოლის ავტორს, ლაკაზეტის უყვირა და საერთოდ, მისი სახის გამომეტყველებით მარტივად შეიძლებოდა დაგვესკვნა, რომ გუნდში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა.
ეს ყველაფერი ტრიბუნების ღრიალისა და სტვენის ფონზე მიმდინარეობდა.
ინგლისური მას მედია წერს, რომ ლიუნგბერგს მუდმივმოქმედ მწვრთნელად გადასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს.
ჩრდილოლონდონელთა ესპანელმა მცველმა ექტორ ბელერინმა კი მატჩის შემდეგ თქვა, რომ „ბრაიტონთან” დამარცხებამ მის გუნდზე გამანადგურებლად იმოქმედა.
„არ ვიცი რა ვთქვა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ჩვენს საწინააღმდეგოდ ტრიალდება. დღეს ცუდად არ გვითამაშია. საგოლე მომენტებიც შევქმენით და თავიც კარგად დავიცვით, მაგრამ, თითქოს, გოლის გასატანად ჩვენ გაცილებით მეტი მომენტი უნდა შევქმნათ ვიდრე მეტოქეებმა. მათი ყოველი დარტყმის შემდეგ კი ბურთი კარშია. ვიმეორებ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. დაბნეული ვარ.
გარწმუნებთ, ჩვენმა ყველა მოთამაშემ 100% გაიღო. საერთოდაც, ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივართ მოგება გვინდა და ძალ-ღონეს არ ვზოგავთ. ჩვენი გუნდი დღესაც ენერგიით იყო სავსე. მწამს, მომავალშიც ასე ვიქნებით. ყველაფრის მიუხედავდ, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები მოვა”, — თქვა ბელერინმა.