2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ავტო-ესკორტის დიზაინი წარმოადგინეს.
სატრანსპორტო საშუალებები Hope Lights Our Way-ის კონცეფციის შესაბამისად იქნება გაწყობილი. თითოეულ ავტომობილს ესტაფეტისას დამოუკიდებელი როლი დაეკისრება. მაგალითად, ესკორტის გაძღოლა, მარშრუტების წინასწარ შემოწმება, მეჩირაღდნეთა მხარდაჭერა..
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სატრანსპორტო მხარდამჭერია ტოკიო 2020-ის პარტნიორი „ტოიოტა”.
ტოკიო 2020-ის ორგკომიტეტის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ჰიბრიდული მოდელისგან იქნება შემდგარი, რომლებიც ეკოლოგიაზე მინიმალურ ზეგავლენას მოახდენს.
ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიალი შედგება 12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში. ოლიმპიური ცეცხლის ბერძნული ეტაპი 8 დღეს გაგრძელდება. ესტაფეტის ბერძნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ ცეცხლს „პანათინაიკოსის“ სტადიონზე 19 მარტს მოწყობილ საგანგებო ცერემონიალზე ჩაიბარეენ იაპონელები, რომელებიც ჩირაღდანს უკვე სპეციალური რეისით ტოკიოში ჩაიტანენ.
ცეცხლს  იაპონიაში 20 მარტს ჩააბრძანებენ, 26 მარტს კი სტარტს აიღებს ესტაფეტა.