დღეს, იაპონიაში, კუმამოტოს „აკვა დოუმში”, გაიმართა ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფის თეორიულად უმნიშვნელოვანესი მატჩი თანაბარქულიან სერბეთსა და ჰოლანდიას შორის. მიმდინარე ჩემპიონატში, ერთმანეთთან შეხვედრამდე, ორივემ ერთხელ წააგო და ორჯერ გაიმარჯვა, მაგრამ… სერბეთმა აშკარად სხვა გეგმა არჩია: ჰოლანდიელებთან შეხვედრაში ძალა დაზოგა და ხვალ სლოვენიას გაუმართავს სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლას.

შეხვედრა დასრულდა 23:36 ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით, რომელსაც ხვალ არც მეტი-არც ნაკლები ნორვეგიასთან ელის დიდი ბრძოლა.

საყურადღებო განმარტება: არ აქვს მნიშვნელობა გაინაღდა თუ არა ამა თუ იმ გუნდმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე თამაში. პირველი ეტაპის ყოველი ჯგუფიდან გასულ სამ გუნდს, ერთმანეთთან მოპოვებული ქულები მეორე ეტაპზე მიჰყვება. ამიტომაც ენიჭება ბევრ თამაშს, მათ რიცხვში ჰოლანდია-ნორვეგიას, დამატებითი მნიშვნელობა. მაგალითად, როდესაც მეორე (მთავარი) ეტაპის I ჯგუფში პირველი ეტაპის A და B ჯგუფების პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები შეიკრიბებიან, მათ თავიანთ თანაჯგუფელებთან ნათამაშები ქულები გადაჰყვებათ და მხოლოდ მეორე ჯგუფის გუნდებთანღა მოუწევთ თამაში.

იგივე მოხდება II მთავარ ჯგუფში, სადაც C და D ჯგუფების ზედა სამეულები შეგროვდებიან.

IV ტურის შედეგები:

A ჯგუფი:  კუბა-სლოვენია 26:39; სერბეთი-ჰოლანდია 23:36, ნორვეგია-ანგოლა 30:24.

ნორვეგია — 8; ჰოლანდია — 6; სერბეთი —4; სლოვენია —4; ანგოლა — 2; კუბა — 0.

D ჯგუფი: კონგო-ჩინეთი 25:24; იაპონია-რუსეთი 23:33; შვედეთი-არგენტინა 30:23.

რუსეთი — 8; შვედეთი — 8; იაპონია — 4; არგენტინა — 2; კონგო —2; ჩინეთი —0.