ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ჟოზე მოურინიუს ახსოვდა.

და ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ახსოვდა… თუ მისი ფეხბურთელობის წლების არ ჩავთვლით.

ეს გუნდი იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ. ეს იყო ფეთქებადი, ამაღელვებელი, დომინანტი „იუნაიტედი”, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი — მარკუს რეშფორდი. მან მასპინძელთა ორივე გოლი გაიტანა და „სფურზის” უკანა ხაზს მთელი თამაშის განმავლობაში ატერორებდა.

ერთადერთი, რაც ამ დღეს ჩრდილოლონდონელთა ახალმა მწვრთნელმა შეძლო, სათადარიგოთა სკამთან დგომა და თამაშის ყურება გახლდათ. „განსაკუთრებულმა” ვერაფერი შეცვალა.

და ინგლისურ მას მედიაში დაასკვნეს: აი, რროგორი ფეხბურთის ისწრაფვის ოლე გუნარ სულშერი. ოღონდ, მხოლოდ ოთხშაბათის მატჩივით გამონაკლის შემთხვევებში კი არა, არამედ ყოველ ტურში.

„იუნაიტედი” მე-7 წუთზე უკვე იგებდა. გოლი როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რეშფორდმა გაიტანა, რომლის მეგობარი და თანაგუნდელი ჯესი ლინგარდიც უფრო ჰგავდა თავის ადრინდელ თავს. სწორედ ლინგარდმა მოიპოვა ბურთი შეტევის მარცხენა ფრთაზე, მეტოქის საჯარიმოს შორიახლოს და რეშფორდს დასარტყმელად მიაწოდა.

შემდეგ, რეშფორდმა ჯარიმიდან სცადა გოლის გატანა, მაგრამ მისი ჩახვეული ოდნავ აცდა მიზანს.

დაშავებული ანტონი მარსიალის ნაცვლად მოთამაშე მეისონ გრინვუდსაც შეეძლო ახლოდან გატანა, მაგრამ მეკარე პაულო გასანიგამ ბრწყინვალედ აუღო. გასანიგამ 27-ე წუთზე კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად — რეშფორდის დარტყმა მოიგერია.

ერთი სიტყვით, პირველ ტაიმში „მანჩესტერ იუნაიტედს” მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ პირიქით მოხდა: დელე ალიმ, რომელიც ჟოზე მოურინიუს მწვრთნელად მოსვლის შემდეგ თითქოს თავიდან დაიბადა, 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ეპიზოდამდე ალი ჩრდილში იყო, მაგრამ ამ ეპიზოდში გაიბრწყინა — ან რა ბურთის მიღება აჩვენა, ან რა დამუშავება თუ დარტყმა.

ასეთი გათანაბრება, ხშირად, ადრე დაწინაურებულ გუნდს აჩვენებს, რომ საქმე მთლად ისე კარგადაც არ არის მას რომ ჰგონია, მაგრამ ეს ის დღე არ იყო: მეორე ტაიმის დასაწყისში რეშფორდი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ალალი პენალტი მოინადირა. თერთმეტმეტრიანი თავად რეშფორდმა შეასრულა — გასანიგა ერთ კუთხეში გადაახტუნა, ბურთი კი მეორეში დაარტყა.

ხელმეორედ დაწინაურებულმა „მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი ტაიმისთვის ნიშანდობლივი მაღალი ტემპი შეინარჩუნა, რასაც „სფურზი” ვერ აჰყვა. როგორც „სანმა” იხუმრა, როდესაც ფრედიც კი კარგად თამაშობს, ესე იგი განსაკუთრებული დღეაო.

და რაც ყველაზე ნიშანდობლივი იყო, ამ შეხვედრაში ვერ ივარგა „ტოტენჰემის” თავდასხმამ, მეტადრე კი ნაქებმა ჰარი კეინმა. არადა, მოურინიუს დაბრუნების შემდეგ „დეზებმა” პირველ სამ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანეს.

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი” 21 ქულით მეექვსე ადგილზე გადავიდა.

რაც შეეხება ოლე გუნარ სულშერს, მის სამსახურიდან გაშვებაზე ლაპარაკი როგორც ჩანს კარგა ხნით შეწყდება.