2020 წლის მარტი, საფეხბურთო ბატალიებით მართლაც რომ დატვირთული იქნება. 26 მარტს, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი ელის – ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალი. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა თუ ივარგეს, ხუთ დღეში, ვინძლო, ნანატრ ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც გამოკრან ხელი, თუმცა, მარტში ქომაგებს მხოლოდ ეროვნულ ნაკრებზე ნერვიულობა არ მოუწევთ. იმავე პერიოდში, საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებს ელიტრაუნდი და დიდი გამოცდა ელით. შვეიცარიულ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს სწორედ ასაკობრივი გუნდების ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობაც შევიტყვეთ.

რამაზ ჩიტაურის 17 წლამდელებს მე-6 ჯგუფში ინგლისის, ბელგიის და რუმინეთის გუნდები ერგო, ხოლო რამაზ სვანაძის 19 წლამდელებს მე-3 ჯგუფში ურთიერთობის გიარკვევა, საფრანგეთთან, რუსეთთან და შოტლანდიასთან მოუწევთ. იოლი გასეირნება არცერთ ნაკრებს ექნება. შედარებით სუსტ გუნდებთან შეხვედრის ილუზია არ უნდა გვქონოდა. შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპისგან განსხვავებით, აქ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრას მხოლოდ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაა აუცილებელი, რაც მარტივი არ იქნება, თუმცა არც წარმოუდგენლად მოჩანს. კარგი იქნებოდა, რომელიმე ასაკობრივი ნაკრების ელიტრაუნდი თბილისში გამართულიყო, რისი პატივიც საქართველოს ადრე არაერთხელ ჰქონია, მაგრამ ამჯერად 17 წლამდეთა ტურნირს ბელგია, 19 წლამდელებს კი საფრანგეთი უმასპინძლებს. მატჩები 25, 28 და 31 მარტს გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა პირველ ეტაპზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. ქართველმა ფეხბურთელებმა უნგრეთის, ყაზახეთის და ხორვატიის გუნდები დაიბრიყვეს, 17 წლამდელებს კი აშკარად გაუმართლათ და ელიტრაუნდის საგზური მოუგებლად, თანაც უგოლოდ მოიპოვეს. ჯგუფის სასტარტო მატჩში უკრაინასთან მარცხის შემდეგ, ნორჩმა ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიასთან და ალბანეთთან ფრე გააგორეს, მაგრამ ბედად ეს ორი ქულაც მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ 17 წლამდე ევროპის პირველობას გაისად ზაფხულში ესტონეთი, ხოლო 19 წლამდელების ფინალურ ეტაპს ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს. მოქმედი ჩემპიონები შესაბამისად ჰოლანდია და ესპანეთი არიან.