ოლე გუნარ სულშერმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, თუ ამ კვირაში „ტოტენჰემთან” და „სიტისთან” წავაგებთ, იცოდეთ, მომხსნიანო. დღეს, პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი” მეცხრე ადგილზეა. მისი მდგომარეობა ბოლო ტურში „ასტონ ვილასთან” შინ ნათამაშებმა 2:2-მა დაამძიმა და სოლსკიაერის  გუნდში დარჩენა-არდარჩენაზეც კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ.

ამრიგად, სულშერმა ფეხბურთელების მოტივაციის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. მან ბიჭები შეკრიბა და შეახსენა, რომ ოთხშაბათს, „ოლდ ტრეფორდზე” სათამაშოდ  მათი ყოფილი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს გუნდი მოდის, ხოლო შაბათს თავად მიდიან „ეტიჰედზე”, სადაც მანჩესტერული დერბია — პეპ გვარდიოლას „სიტი” დახვდებათ.

„მანჩესტერ იუნაიტედის” მავანმა წევრმა თუ თანამშრომელმა „სანს” უთხრა: „როდესაც ფეხბურთელებს ეუბნებოდა, რომ თუ ამ კვირაში ორ კარგ შედეგს არ დადებენ ის შეიძლება სამსახურიდან გაუშვან, ოლე აღელვებული ჩანდა. არადა, „სფურზთან” თამაშისთვის მართლაც ყველაზე ცუდი დროა. „ოლდ ტრეფორდზე” მოტივირებული ჟოზეს გუნდი მოდის”.

მას მედიაში არ წყდება ლააპარაკი იმის შესახებ, რომ სულშერის კაბინეტს „სფურზიდან” ახალგაშვებული მაურისიო პოჩეტინოს აჩრდილი უტრიალებს. ამბობენ, რომ ნორვეგიელს მოხსნიან და მის საქმეს არგენტინელს გადააბარებენ.

სულშერმა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ მოურინიუ მათ წინააღმდეგ „სფურზის” ფეხბურთელებს საგანგებოდ დაგეშავს.

საინტერესოა, რატომ უთხრა სულშერმა ფეხბურთელებს რომ წაგების შემთხვევაში მას მოხსნიდნენ? წინა დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ხომ საჯაროდ გამოაცხადა, რომ ამ სეზონში გუნდი რომელ ადგილზეც არ უნდა გავიდეს, სულშერის პოზიციას არაფერი ემუქრება. ვუდვორდის განმარტებით „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საკუთარ აკადემიაში აღზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეყრდნობა და ამას დრო სჭირდება.

ზემოხსენებულმა „წყარომ” დასძინა: „ოლემ ფეხბურთელებს სწორედ ზემოხსენებული კუთხით გაუმახვილა ყურადღება და ისინი ახლა „ტოტენჰემთან” შეხვედრაზე არიან ფოკუსირებულები. მას ჟოზე არ გაუკრიტიკებია, მაგრამ სცადა ფეხბურთელებს ცხადად წარმოედგინათ, თუ რა ძლიერ სურს მათ ყოფილ თავკაცს „მანჩესტერ იუნაიტედის” მათსავე მოედანზე, საკუთარი მაყურებლის წინაშე დამარცხება”.