ძიუდოში, 2019 წლის ბოლო მნიშვნელოვანი ტურნირი ჩინეთში გასამართი მასტერსი იქნება, რომელსაც 12-14 დეკემბერს ჩინეთის ქალაქი ჩინჯაო უმასპინძლებს.

აღნიშნულ ტურნირზე, რა თქმა უნდა, ქართველი კიმონოისტებიც იქნებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მკითხველის ყურადღება სახელგანთქმულ ირანელ ძიუდოისტზე გვსურს შევაჩეროთ. უფრო სწორად, აწ უკვე ყოფილ ირანელ სპორტსმენზე, რომელიც სამშობლოში დევნის გამო იძულებული გახდა მოქალაქეობა შეეცვალა.

გახსოვთ საიდ მოლაი? ის მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონია, რომელიც ბოლო პერიოდში ირანული ძიუდოს წინსვლა-განვითარებისთვის ბევრი გააკეთა. როგორ დაუფასეს? ძალიან ცუდად. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ირანული სპორტის და ზოგადად ქვეყნის მაღალჩინოსნები მოლაის მეტად უმადურულად მოექცნენ და ის პოლიტიკურ დევნილად აქციეს, რის გამოც გამოჩენილი ძიუდოისტი იძულებული გახდა თავშესაფარი გერმანიისთვის ეთხოვა.

სკანდალი ტოკიოში გამართული წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აგორდა, სადაც საიდ მოლაი უმედლოდ დარჩა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ებრაელ ძიუდოისტთან, საგი მუკისთან დაპირისპირების შიშით, რომელიც იაპონიის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ირანის ხელისუფლება მოლაის აძალებდა პლანეტის პირველობაზე მონაწილეობისგან თავი შეეკავებინა, ხოლო შემდეგ უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას ახორციელებდა მასზე ზეწოლას. საიდ მოლაი ტოკიოდან ირანლში აღარ დაბრუნებულა, მან პირდაპირ გერმანიას მიაშურა.

ახლა კი ირკვევა, რომ საიდ მოლაიმ საბოლოო ნავსაყუდელი იპოვნა და ძიუდოსაც უბრუნდება. ამიერიდან ის მონღოლეთის სახელს დაიცავს. მოლაის თავად მონღოლეთის პრეზიდენტი ხალთმააგინ ბატულგა შეხვდა და პასპორტიც საზეიმო ვითარებაში გადასცა.

საიდ მოლაისთვის, მონღოლეთის სახელით პირველი ტურნირი სწორედ 12-14 დეკემბერს დაგეგმილი ჩინური მასტერსი იქნება.