„როჯერ ფედერერი კორტსა და მის მიღმა ყველაზე ცნობილი შვეიცარიელი პიროვნებაა. უამრავ საჩოგბურთო რეკორდთან ერთად, რომელთა შორისაც, ყველაზე გამოსარჩევი უდავოდ დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონობაა, ის შესანიშნავი პიროვნება და ქველმოქმედია.
ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ელჩია, საყოველთაო სიყვარულს იმსახურებს და მსოფლიოში წარმატებისა და მიწიერი თავმდაბლობის განსხეულებაა,“ – ეს შვეიცარიის მთავრობის ოფიციალური განცხადებაა.

დიად როჯერს, მსოფლიო მასშტაბით აღმერთებენ და მილიონობით ქომაგი ჰყავს. ამიტომაც, რა გასაკვირია თუ სამშობლოში უყვართ და აფასებენ, მაგრამ სამთავრობო მაღალჩინოსნების ეს სიტყვები მართლაც რომ უნიკალურ ამბავს ეხება. როჯერ ფედერერი, შვეიცარიის სახელმწიფოს არსებობის ისტორიაში იქნება პირველი ადამიანი, რომელსაც სიცოცხლეშივე მიაგებენ მსგავს პატივს და მის გამოსახულებას 20 ფრანკის ღირებულების ვერცხლის მონეტაზე დაიტანენ.

„სიტყვები არ მყოფნის. ეს დაუჯერებელი ამბავია. მადლობელი ვარ ჩემი ქვეყნის და მონეტების სახლის. უდიდეს პატივთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ,“ – ამბობს როჯერ ფედერერი.

მაესტროს გამოსახულება შვეიცარიული ფრანკის მონეტებზე 2020 წლის 23 იანვრიდან გამოჩნდება, მოგვიანებით, მაისში კი იგეგმება ფედერერი 50 ფრანკიან მონეტებზეც დაიტანონ. რა თქმა უნდა, მონეტები გაყიდვაშიც იქნება და მისი ღირებულება 30 ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.