მაურისიო პოჩეტინო ესტუმრა კლუბს, სადაც პირველად გააგორა ბურთი. ეს კლუბი გახლავთ „ნიუელს ოლდ ბოისი” არგენტინის ქალაქ როსარიოდან. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ყოფილმა მწვრთნელმა აქ გაიარა საყმაწვილო აკადემია და 1989-94 წლებში პროფესიული ფეხბურთიც აქ ითამაშა.
ნიშნავს თუ არა რამეს ეს ვიზიტი ვერ გეტყვით, ის კი ფაქტია, რომ ოკეანის გადმოღმა, ბრიტანეთში, პოჩეტინოს სახელს აქტიურად უკავშირებენ „არსენალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს”.
როსარიოში მწვრთნელს კლუბის ახლანდელი სტაფის წევრები დახვდნენ და საპატიო მაისურა გადასცეს. ინგლისში კი, როგორც მოგახსენეთ, ხმები არ წყდება. „არსენალის” მწვრთნელობიდან უნაი ემერის გათავისუფლების შემდეგ არგენტინელის გვარ-სახელი ესპანელი მწვრთნელის შემცვლელთა სიაში ერთ-ერთი პირველია.
„მანჩესტერ იუნაიტედშიც” ახალ მწვრთნელზე ლაპარაკობენ. გუშინ, „ასტონ ვილა” გახდა პრემიერლიგაში მეორე ახალაღზევებული გუნდი, რომელმაც „ოლდ ტრეფორდიდან” ქულა წაიღო (2:2) და თან უკმაყოფილო დარჩა. ერთი კვირის წინ კი მანჩესტერში „შეფილდ იუნაიტედმაც” ფრე ითამაშა — 3:3.
თუმცა, პოჩეტინოს სამსახურში აყვანას მხოლოდ ინგლისური კლუბები როდი ეშურებიან. ამბობენ, რომ არგენტინელით დაინტერესებულია უმწვრთნელო „ბაიერნიც”. კიდევ, ლაპარაკია „რეალსა” და „იუვენტუსზე” თუ ზინედინ ზიდანი და მაურიციო სარი დასახულ ამოცანებს თავს ვერ გაართმევენ.
მაურისიო პოჩეტინო 47 წლისაა. მან მწვრთნელობას 10 წლის წინ „ესპანიოლში” მოჰკიდა ხელი, 2013 წელს კი ინგლისში, „საუთჰემპტონში” გადაბარგდა.
„საუთჰემპტონში” გატარებული ერთი წლის შემდეგ არგენტინელი „ტოტენჰემში” გადაბარგდა სადაც ჩრდილოლონდონელები ხუთ წელიწადში ჩემპიონთა თასის ფინალამდე მიიყვანა. გარდა ამისა მისი ხელმძღვანელობით „სფურზი” რეგულარულად იკავებდა ადგილს პრემიერლიგის ტოპ ოთხეულში.