სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ტეტს-ტურნირზე ფრანგ ქალ ხელბურთელთა ნაკრებმა ბრაზილიელებს იოლად მოუგო — 33:22. დღეს, ქალაქ იამაგას „ოვეროლ ჯიმნაზიუმში”, მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრაში, მაყურებელმა სულ სხვა სურათი იხილა. იმავე გუნდებმა იმდენად თანაბრად ითამაშეს, რომ ბოლო წუთებში თავისუფლად შეიძლებოდა ფრანგებსაც მოეგოთ და ბრაზილიელებსაც. საბოლოოდ, მატჩი დამთავრდა 19:19, თუმცა ეს ფრე მაინც შეფასდა როგორც წაგება ფრანგებისთვის და მოგება ბრაზილიელებისთვის.

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთსა და 2013 წლის ტრიუმფატორ ბრაზილიას შეხვედრის დასრულების შემდეგ აშკარად სხვადასხვა ემოცია დაეუფლათ. სამხრეთ ამერიკელებს უხაროდათ — მათ წარმატებას მიაღწიეს, ხოლო ევროპელები პირველი ტაიმის სამგოლიანი უპირატესობის ხელიდან გაშვებას განიცდიდნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ფრანგთა მეკარე ამანდინ ლეინო, რომელმაც 12 დარტყმა მოიგერია. საინტერესოა, რომ ამ 12 დარტყმიდან პირველი 5 ლეინომ საწყის 20 წუთში მოიგერია და თამაშის ამ მონაკვეთს მსოფლიო პრესაში ერთი ქალის შოუ დაარქვეს.

მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ ბრაზილიელებს ცაცია უკანახაზელების შორეული სროლები აკლდათ. როგორც ჩანს ისინი ამ კომპონენტში მოიკოჭლებენ.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ ფრანგებმა პირველ ტაიმში სამგოლიანი უპირატესობით მოიგეს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი მე-19 წუთამდე წინ არ გასულან — წინ სულ ბრაზილია გადიოდა, საფრანგეთი კი მოსდევდა და ათანაბრებდა.

შეხვედრის ბოლო წუთებში ორივე გუნდი ან აცილებდა მიზანს, ან მეკარეები ყოჩაღობდნენ, გეგონება მატჩს ფრედ დასრულება ეწერა და ასეც მოხდა.

B ჯგუფში ჩატარდა კიდევ ორი თამაში: გერმანიამ 34:8 მოუგო ავსტრალიას, ხოლო კორეამ და დანიამ ითამაშეს ფრედ 26:26.

შედეგად, ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: გერმანია — 4(ქულა); დანია — 3; კორეა — 3; საფრანგეთი — 1; ბრაზილია — 1; ავსტრალია— 0.

C ჯგუფის დღევანდელი ანგარიშებია: ყაზახეთი-მონტენეგრო 21:30; ესპანეთი-უნგრეთი 29:25; სენეგალი-რუმინეთი 24:29.

ცხრილში გუნდები ასე არიან განაწილებული: ესპანეთი — 4; მონტენეგრო —4; უნგრეთი —2; რუმინეთი — 2; სენეგალი — 0; ყაზახეთი — 0.