„შპორტ ბილდში” გამოქვეყნდა გერმანიის ნაკრებისა და „რეალის” 29 წლის ნახევარმცველის ტონი კროოსის ინტერვიუ. საუბარი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატსა და ბუნდესნაკრების მზადებას შეეხო. გთავაზობთ მის გადმოქართულებულ ვარიანტს.

— ახლოვდება 2020, ევროპის ჩემპიონატის წელიწადი. რა განწყობითა და ფიქრებით ხვდებით მას?

— მსურს გერმანიის ნაკრებთან ერთად ახალ წარმატებას მივაღწიო. მარტში ორი ამხანაგური თამაში გველის, რომლებიც ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე  შევხვდეთ.

— ევროპის ჩემპიონატის წინა შეკრებას მაისში იწყებთ. მანამდე, როგორც აღნიშნეთ, ორი ამხანაგური თამაში გაქვთ, ესპანეთთან და კიდევ ერთ გუნდთან, რომლის ვინაობაც ჯერ დადგენილი არ არის. იქნებ ამ შეხვედრების მნიშვნელობაზე უფრო დიდხანს შევჩერდეთ.

— ეს იქნება კარგი ტესტები, რომელთაც დიდი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ. ამ მატჩების შემდეგ კი მაისში, უკვე დასახელდება ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელთა გაფართოებული შემადგენლობა.

— ერთი რამ ამთავითვე ცნობილია: გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სამი შეხვედრა შინ, მიუნხენში უწევს. ეს უპირატესობაა?

— იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს გამოვიყენებთ. მართლაც გვეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა ევროპის ჩემპიონატის სამ თამაშში მაყურებელი ჩვენს მხარეს იყოს. სტუმრად ყოველთვის უფრო ძნელია.

— თავდასხმაში გერმანიის ნაკრები არ დაიწუნება, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ევროპის ჩემპიონობისთვის საჭიროა გუნდი დაცვაში გაძლიერდეს?

— დიახ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მცველთა ხაზი უნდა გამოკეთდეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ვიმოძრაოთ შეტევისას. მეტოქეები მუდმივ დისკომფორტს უნდა გრძნობდნენ. ამის გაკეთება ტურნირზე უფრო ძნელია, ვიდრე შესარჩევ შეჯიბრებაში. შესარჩევში ხშირად ვხვდებოდით მოწინააღმდეგეებს, რომლებიც შეზღუდულად თამაშობდნენ, ძირითადად დაცვაში იდგნენ და გრძელი პასებით ცდილობდნენ ბურთის თავიანთი საჯარიმოს მიდამოებიდან მოშორებას. ასეთ მოწინააღმდეგეებთან თამაში ვისწავლეთ, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ისეთ გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა, რომლებიც მეტ ფეხბურთს ითამაშებენ და წინააღმდეგობას ბურთაობით გაგვიწევენ. ასეთ დროს კი სწორი პოზიციების შერჩევა და სწორად გადაადგილება გაცილებით მნიშვნელოვანია.

— მართალია, რომ საფრანგეთის, ინგლისისა და ბელგიის ნაკრებები გერმანიისაზე ერთი თავით წინ არიან?

— ეს უშუალო შეხვედრებისას გამოჩნდება. თუმცა, ფაქტია, რომ ამ გუნდებს ბოლო 15 თვის განმავლობაში იმდენი ცვლილება არ განუხორციელებიათ, რამდენიც ჩვენ. ეს მათი უპირატესობაა. გუნდები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ მაღალი კლასისანი არიან და, მე თუ მკითხავთ, პირობებიც ჩვენზე უკეთესი აქვთ. ოღონდ ერთია, უშუალოდ შეჯიბრების დროს ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც ჩვენ 2018 წელს, საკუთარ თავზე ვიწვნიეთ.

— გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი ხშირად ავლებს პარალელს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან. ამ თემაზე ფეხბურთელებსაც ხშირად გელაპარაკებათ? და საერთოდ, რას ფიქრობთ ამ შედარებაზე?

— არა, მწვრთნელი ამაზე არ გველაპარაკება, მაგრამ ჩვენ ვიცით რასაც გულისხმობს. 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში, გერმანიის ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა თამაშობდა. გუნდს ჰქონდა უდიდესი პოტენციალი და თან 2008 წელთან შედარებით ბევრი არაფერი შეგვიცვლია. შეჯიბრებამ ცუდად არ ჩაიარა, მაგრამ დაღვინებულები არ ვიყავით. დაღვინებას დრო სჭირდება. 2012 და 2014 წლებში კი დავამტკიცეთ, რომ უკვე უკეთ ვთამაშობდით.

— რას ფიქრობთ იმ დისკუსიებზე, რომლებიც გერმანიის ნაკრების შესარჩევი ეტაპის განმავლობაში იმართებოდა?

— მწვავე დისკუსია დადებითი რამ მგონია. როდესაც ფრანკფურტში ჩრდილო ირლანდიის ნაკრებს 6:1 მოვვუგეთ, ტრიბუნებზე 40 000 კაცი იჯდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარს კვლავ გავახარებთ ლამაზი, შემტევი ფეხბურთით. სწორედ ისე უნდა ვთამაშობდეთ, როგორც ვითამაშეთ ჩრდილო ირლანდიასთან ან თუ გნებავთ ბელარუსთან, რომელსაც 4:0 მოვუგეთ, თუმცა არც იმას დაგიმალავთ, რომ არ მჯერა თითქოს ბოლო წლებში გერმანიის ნაკრებმა ადრინდელზე მეტი ლამაზი და მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. სხვა საქმეა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში მეტოქეების დონეზე როგორ ვითამაშოთ, ეს ვიცით.