დღეს იაპონიაში ხელბურთელ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. წესით პირველი დღის მთავარი მატჩი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის საფრანგეთის ნაკრებისა და აზიის ჩემპიონის სამხრეთ კორეის გუნდის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა. იამაგა სიტის „ოვეროლ ჯიმნაზიუში” შეკრებილმა მაყურებელმა ისიამოვნა თამაშით, სადაც კორეელებმა პირველი ტაიმის ერთბურთიანი ჩამორჩენა ორგოლიან გამარჯვებად აქციეს — 29:27.
გულშემატკივრისთვის პირველივე წუთებიდან ადვილი მისახვედრი გახდა, რომ ერთმანეთის პირისპირ თანაბარი კლასის მეტოქეები იდგნენ. მართალია, შესვენებამდე საფრანგეთმა რამდენიმე „გაქცევა” შეძლო, მაგრამ სოლიდური უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა. კორეა, რომელსაც შეტევაში შეუჩერებელი ეუნ ჰი რიუ მიუძღოდა, ყოველთვის ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. ტაიმი დამთავრდა 13:12.
შესვენების შემდეგ უკიდურესად მოტივირებული აზიელები ევროპელებს ეკვეთნენ და კვლავ ზემოხსენებული რიუს მიერ შთაგონებულები ცდილობდნენ მედგარი საფრანგეთის გატეხვას. და მაინც, 56-ე წუთზე სამხრეთ კორეა 4 გოლით გავიდა წინ. საბოლოოდ შეხვედრა დამთავრდა 29:27 კორეის გამარჯვებით.
მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ეუნ ჰი რიუ, რომელმაც 17 სროლიდან 12 გოლი (71%) გაიტანა.
დანარჩენი თამაშები ასე დამთავრდა: იაპონია-არგენტინა 24:20; მონტენეგრო-სენეგალი 29:25; სერბეთი-ანგოლა 32:25; ჰოლანდია-სლოვენია 26:32; უნგრეთი-ყაზახეთი 39:15; რუმინეთი-ესპანეთი 16:31; რუსეთი-ჩინეთი 26:11; დანია-ავსტრალია 37:12; ნორვეგია-კუბა 47:16; შვედეთი-კონგო 26:16.
A ჯგუფში არიან: ნორვეგია, სერბეთი, სლოვენია, ჰოლანდია, ანგოლა, კუბა;
B ჯგუფი: დანია, გერმანია, კორეა, საფრანგეთი, ბრაზილია, ავსტრალია;
C ჯგუფი: უნგრეთი, ესპანეთი მონტენეგრო, სენეგალი, რუმინეთი, ყაზახეთი;
D ჯგუფი: რუსეთი, იაპონია, შვედეთი, კონგო, არგენტინა, ჩინეთი;
პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ შეიქმნება ორი „მთავარი ჯგუფი” (თითოში 6 გუნდით), რომელთა 12 წევრიც ჩემპიონის ტიტულისა და სხვა მაღალი ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას, ჩამორჩენილი თორმეტეული კი ეგრეთწოდებულ „პრეზიდენტის თასზე” 13-24 ადგილებს გაინაწილებს.
მაგალითად, A6 შეხვდება B6-ს, ხოლო C6 D6-ს. გამარჯვებულები 21-22 ადგილებისთვის შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო დამარცხებულები 23-24 ადგილებს გაითამაშებენ. შესაბამისად დაწყვილდებიან მეხუთე ადგილზე გასული გუნდები და ასე შემდეგ.