მარჩიელობა საჭირო აღარ არის. დანა უაითმა, UFC-ის პრეზიდენტმა, საქვეყნოდ პოპულარულ  ESPN-ს განუცხადა, რომ კონტრაქტზე ხელი მოწერილია.

რაზე ან ვისზე ვსაუბრობთ? კონორ მაკგრეგორზე, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში ბევრი იხტუნავა, კარიერის დასრულებას ვეშურებიო, მაგრამ უმალ გადათქმაც მოასწრო, პაბებში გამოტყვრომა და სკანდალების მოწყობა, ხოლო ქუჩაში უცხო პირებზე თავდასხმა-ცემაც არ ითაკილა, რევანშის იმედად ჰაბიბ ნურმაგომედოვიც საჯაროდ არაერთხელ გამოლანძღა და ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა დააშოშმინეს.

ირლანდიელი სპორტსმენი ოქტაგონს უბრუნდება და 18 იანვარს, ლას-ვეგასში საშუალო წონაში საჩემპიონო ქამრისთვის დონალდ სერონეს შეებრძოლება. 36 წლის სერონემ, შერეულ ორთაბრძოლებში თავის დამკვიდრებამდე ბედი კიკბოქსინგსა და პროფესიონალურ კრივშიც სცადა, UFC-ში კი 50-ჯერ იჩხუბა და 36 გამარჯვება მოიპოვა. 36 წლის ვეტერან მებრძოლს, ვეჭვობთ, ბოლო 2 ოფიციალური ჩხუბი ტკბილად ახსენდებოდეს. სერონე ჯერ ტონი ფერგიუსონმა, რომელიც გაისად ჰაბიბთან საჩხუბრად ემზადება და შემდეგ ჯასტინ გეიჯმა პირწმინდად დაჩაგრეს.

რაც შეეხება კონორ მაკგრეგორს, ალბათ შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, რომ ის რინგზე 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ გასულა.