ბედის ირონიაც ამას ჰქვია…

„შაპეკოენსე“ ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონიდან ანუ სერია A-დან გავარდა. გუნდისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ამ უსიამოვნო და გულდასაწყვეტ ამბავს კი 28 ნოემბერს ოფიციალურად დაესვა ბეჭედი, მას შემდეგ, რაც „შაპეკოენსემ“, „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო. სატურნირო ცხრილი და არითმეტიკა კი გვეუბნება, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „შაპეკოენსეს“ აღარაფერი ეშველება და სერია B-ში დაქვეითება გარდაუვალია.

2016 წლის 28 ნოემბერს კი არა მხოლოდ საფეხბურთო სამყარო, საერთოდ მსოფლიო შეძრა კოლუმბიის მთებში დატრიალებულმა ავიაკატასტროფამ, რომელმაც „შაპეკოენსეს“ გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით იმსხვერპლა.

„ბრაზილიური კონკია“ – ასე ეძახდნენ გუნდს გულშემატკივრები, რომელიც მართლაც კლუბის არსებობის ისტორიაში უდიდეს ისტორიას წერდა. „შაპეკოენსე“, სამხრეთ ამერიკის რანგით მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირის – კოპა სუდამერიკანას ფინალში სათამაშოდ ქალაქ მედელინში მიემგზავრებოდა, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია. ბორტზე მყოფი 72 მგზავრიდან, რომელთა შორის ფეხბურთელების, სამწვრთნელო შტაბის და გუნდის სხვა პერსონალი გარდა 22 ჟურნალისტი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა კოლუმბიაში ჩამოვარდა. მხოლოდ 6 ადამიანი გადარჩა.

ამ საშინელ ტრაგედიამდე რამდენიმე წლით ადრე, „შაპეკოენსე“ ბრაზილიის ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონში მოკალათებულიყო და მსგავს წარმატებაზე, რა მიზეზითაც გუნდი მედელინში მიფრინავდ, ვერც იოცნებებდნენ. „შაპეკოენსეს“ ინგლისურ „ლესტერსაც“ ადარებდნენ, რომელმაც პრემიერლიგაში უდიდესი სენსაცია გამოაცხო და ჩემპიონობა მოიპოვა.

„დიახ, წამიკითხავს და მომისმენია, რომ „ლესტერთან“ გვაიგივებენ. დიახ, თითქოს რაღაცით მართლაც ვგავართ მათ. ჩვენც მათსავით პატარა ქალაქიდან ვართ და ასევე მივისწრაფით მნიშვნელოვანი ტიტულის მოსაგებად,“ – სუდამერიკანას ფინალის წინ ამბობდა „შაპეკოენსეს“ მთავარი მწვრთნელი კაიო ჟუნიორი. ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, „ბრაზილიური კონკიას“ დამრიგებელი იმდენად აჟიტირებული იყო, რომ ისიც კი თქვა – დღეს რომ დავიღუპო, მაინც ბედნიერი ვიქნებიო. თითქოს ენამ უყივლა…

„შაპეკოენსეს“ ტრაგედიის გამოძიებაში 5 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, რომლებმაც კატასტროფის რეალური მიზეზი წელიწანდახევრის შემდეგ დაადგინეს. როგორც გაირკვა, ავიალაინერს, დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად 11.603 ლიტრი საწვავი ესაჭიროებოდა, თვითმფრინავი კი ჰაერში 9.300 ლიტრით აიჭრა. ამას გარდა, დადგინდა, რომ გუნდი მედელინში კომერციული რეისით არ უნდა გაფრენილიყო, მაგრამ ბრაზილიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ „შაპეკოენსეს“ კოლუმბიაში ჩარტერული რეისით გამგზავრების ნება, რატომღაც არ დართო.

და აი, იმ საშინელი ტრაგედიიდან ზუსტად 3 წლის თავზე, 28 ნოემბერს, „შაპეკოენსემ“ და მისმა ქომაგებმა კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა განიცადეს. „ბრაზილიური კონკია“ ისევ ატირდა როგორც 2016 წლის ნოემბერში. გუნდი ელიტას დაემშვიდობა.

წილი
წინა სტატიაოთხი კი
შემდეგი სტატიაპოჩეტინოს განცხადება
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...