ჩემპიონთა ლიგაში „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა ფრედ (2:2) და ერთი „მსხვერპლით” დასრულდა — მადრიდელთა ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი პარიზელთა ბელგიელმა მოთამაშემ, ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ტომას მუნიემ დააშავა.

როგორც კატალონიური „სპორტი” იუწყება, „ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ამ უქმეებზე „რეალისა” და „ალავესის” შეხვედრაში ვერ ითამაშებს და შესაძლოა ვერც 18 დეკემბერს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში” გავიდეს მოედანზე.

მატჩის შემდეგ „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელს ზინედინ ზიდანს უთქვამს: „აზარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სადარდებელი გაგვიჩნდა. ეს უბრალო ტრავმას არ ჰგავს. ედენმა კოჭი იღრძო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ღრძობა ძალიან სერიოზულიც არ იქნება”.

„სპორტის” შეფასებით მას მერე, რაც „რეალში” გადავიდა აზარმა „პარი სენ ჟერმენთან” საუკეთესო მატჩი ითამაშა.