დროის ათვლა დაიწყო. უფრო სწორად, 2020 წლის მარტისადმი განსაკუთრებული მოლოდინი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის D ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, საიდანად ევრო 2020 უფრო კარგად მოჩანს.

ქომაგების პულსიც სწორედ ამის შემდეგ აჩქარდა, თუმცა წინ კიდევ კლასიკური შესარჩევი ეტაპი იყო და იოტისოდენა, მაგრამ მაინც იმედიანი განწყოფა იგრძნობოდა, ვინძლო აქაც წარმატებით ვითამაშოთო.

ახალი არაფერი მომხდარა. ვლადიმირ ვაისმა შესარჩევი ციკლი ჩააფლავა და სწორება ისევ ერთა ლიგის ნახევარფინალზე გაკეთდა. 26 მარტამდე დროის ოფიციალური ათვლა კი გულშემატკივრებში უსათუოდ ამას წინათ უეფაში გამართული წილისყრის შემდეგ დაიწყებოდა, რაც გაირკვა, რომ ბელარუსთა ძლევის შემთხვევაში ერთა ლიგის ფინალიც საქართველოში გაიმართება.

ჯერ კვლავ მსჯელობის საგანია თუ სად უმასპინძლებს საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან მატჩს. ჩვენი არ იყოს, ბელარუსებიც ამ შანსს არიან ჩაბღაუჭებულები და ეჭვგარეშეა ვლადიმირ ვაისის შეგირდებს იოლად არაფერს დაუთმობენ. თბილისი თუ ბათუმი? საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ფეხბურთის ფედერაციაც უეფაში წერილის გაგზავნას არ ჩქარობს.

„ეს საკითხი კვლავ ღიაა და ამ ეტაპზე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. 20 და 55 ათასიან სტადიონებს შორის განსხვავება რა თქმა უნდა თვალსაჩინოა და ისიც მესმის, მატჩზე დასწრების სურვილი იმაზე მეტ ადამიანს ექნება, ვიდრე „დინამო არენა“ იტევს. უეფასთვის ჯერ არ გვიცნობებია მატჩის გამართვის ადგილი. დასაფიქრებლად დრო გვაქვს. დანამდვილებით ისე შემიძლია გითხრათ, რომ 26 მარტისთვის ბათუმის ულტრათანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სტადიონიც მზად იქნება,“ – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

ადგილი ჯერ ვერა, მაგრამ ამასობაში გაირკვა მატჩის დაწყების დრო. თბილისში იქნება თუ ბათუმში, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ღმერთმა ქნას და საქართველოს ნაკრებმა ბელარუსული ბარიერი თუ გაიარა, ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს შორის უკეთესს გაეჯიბრება.

ბოლოს კი ისიც ვთქვათ, რომ ბუქმეიქერები ერთა ლიგის D ჯგუფის ნახევარფინალისტებიდან ევრო 2020-ის საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტად უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც ჩრდილოეთ მაკედონიას მიიჩნევს, საქართველო ამ მხრივ მეორე პოზიციაზეა, შემდეგ კოსოვოს ნაკრები მოდის, ხოლო აუტსაიდერად ბელარუსს თვლიან.