დაადგა საშველი: ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვი მორიგ ბრძოლას 2020 წლის 18 აპრილს გამართავს. ფიქრობთ მეტოქე მისი დაუძინებელი მტერი კონორ მაკგრეგორი იქნება? არა, შერეკილ ირლანდიელს, როგორც მას თავად დაღესტნელი მებრძოლი და მისი აგენტი ხშირად მოიხსენიებენ, ისევ დალოდება მოუწევს. თუმცა მოცდას ვინ დაეძებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს ჰაბიბი და კონორი ოქტაგონზე ხელმეორედ გულშემატკივარმა შესაძლოა ვერასოდეს იხილოს.
მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონის და დაუმარცხებელი ჰაბიბის მოწინააღმდეგე ამერიკელი ტონი ფერგიუსონი იქნება.
„ესეც ასე. ჩემპიონი დათანხმდა ფერგიუსონს გაეჯიბროს. ბრძოლის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ორივე სპორტსმენმა მოაწერა. ტონის, ალბათ, ძალიან სურს სახე დაუნაყონ და ამას 18 აპრილს მიიღებს. ჩემი არწივი ბრუკლინში ჩადის და კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებასაც იზეიმებს,“ – წერს ნურმაგომედოვის აგენტი ალი აბდელ-აზიზი.
30 წლის რუსი სპორტსმენის აგენტი კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას აჟღერებს. ჰაბიბისთვის ფერგიუსონთან ბრძოლა კარიერაში ბოლო არ იქნება და ის შემდეგ მზად არის რინგზე ჯასტინ გეიჯის პირისპირაც დადგეს. შერეული ორთაბრძოლების მოყვარულთათვის 31 წლის გეიჯის სახელი უცხო ნამდვილად არ უნდა იყოს. ის UFC-ში 2011 წლიდან ჩხუბობს და 23 ბრძოლიდან მხოლოდ ორი მარცხი აქვს ნაწვნევი.
ისე, ნურმაგომედოვსა და ფერგიოსონს შორის ბრძოლა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზთა გამო 4-ჯერ ჩაიშალა და იმედია არც 18 აპრილს დაგეგმილ ჩხუბს ემუქრება იგივე ბედი. ჰაბიბი რომ დაუმარცხებელია ზემოთაც ვთქვით და ისედაც ყველამ იცის, ტონი ფერგიუსონს კი კარიერაში 3 მარცხი აქვს.