„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა თქვა, მანკუნიანელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იანვარში თავკერძა თუ არ გახდა, კლუბმა მის მაგივრად შეიძლება მაურისიო პოჩეტინო აიყვანოსო.
ნევილმა „იუნაიტედის” თავდამსხმელთა ტრიოც აკრიტიკა, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან” შეხვედრაში (3:3) უკბილოდ თამაშობდნენო.
გადაცემაში Monday Night Football ნევილმა თქვა: „სულშერმა იანვარში კლუბს ფული უნდა გამოართვას, სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს და მაქსიმალურად დახარჯოს. ეს მან თავისთვის, თავისი თანამდებობის შესანარჩუნებლად უნდა გააკეთოს. „მანჩესტერ იუნაიტედს” აუცილებლად სჭირდება ორი ან სამი გამოცდილი მოთამაშის დამატება.
ისეთი ფეხბურთელების გარეშე, რომლებიც ახალგაზრდებს გარშემო შემოიკრებენ, სულშერი დასახულ მიზანთან ვერ მივა. რასაკვირველია, დღეს გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც ახალი ძლიერი გუნდის საფუძვლად გამოდგებიან, მაგრამ მათ ვიღაცის გარშემო სჭირდებათ გაერთიანება.
გამოცდილმა მოთამაშეებმა ახალგაზრდებს უნდა დაუწესონ სტანდარტი, რომელზეც მათ თამაში მოეთხოვებათ. ახალგაზრდებმა უნდა დაინახონ, რა დონის ფეხბურთის ესწრაფება „მანჩესტერ იუნაიტედი”.
სიყმაწვილეში ძირითად შემადგენლობაში რომ დამაწყებინეს თამაში, იქ იყვნენ ვეტერანები, რომლებიც მიხსნიდნენ საით უნდა წასულიყავი, რა უნდა გეკეთებინა. დღეს რა ხდება? პოგბა დაშავებულია, მატა და იანგი სათადარიგოთა სკამზე სხედან, მატიჩი გაქცევაზეა…
გამოდის, რომ მოედანზე მხოლოდ ახალგაზრდები გადიან. და მათ აქვთ კიდევ ერთი დიდი პრობლემა — არ იციან როგორ მოიქცნენ პრემიერლიგურ შეხვედრაში, სტუმრად. ვერ ხვდებიან, რომ ეს „ოლდ ტრეფორდზე” თამაშისგან ძალიან განსხვავდება”.
პრემიერლიგის რვაგზის ჩემპიონმა, ნევილმა, მაურისიო პოჩეტინოს შესახებაც ილაპარაკა: „პირადად მე, ორწელიწადნახევრის წინ, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან” ლუი ვან გაალს უშვებდნენ, ვამბობდი, ყველაფერს მაურისიუ პოჩეტინოს დანიშვნა აჯობებს მეთქი, მაგრამ მაშინ ჟოზე მოურინიუ დანიშნეს. რასაკვირველია, არ ვაპირებ ნიშნისმოგებით ლაპარაკს და იმის თქმას, რომ ჟოზე სწორი არჩევანი არ იყო.
რვა თვის წინ კი გუნდი ოლე გუნარ სულშერს ჩააბარეს და გუნდმა სხვა მიმართულება მიიღო. მე ძალიან მომწონს მოედანზე ბევრი ახალგაზრდის ნახვა, მაგრამ ოლე თავკერძა უნდა გახდეს. ის უნდა დაემსგავსოს ჟოზე მოურინიუსა და ანტონიო კონტეს, რომლებიც თანამდებობის შესანარჩუნებლად კლუბს ფულს სძალავდნენ და ძლიერ ფეხბურთელებს ყიდულობდნენ.
ვიმეორებ, დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს” გამოცდილი ფეხბურთელები აკლია. მახსოვს კრიშტიანუ რონალდუს პირველი ორი წელი ჩვენს გუნდში. ის ძალიან არასტაბილური იყო. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ რონალდუ დღევანდელ სიმაღლეებს მიაღწევდა. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ტოტენჰემელ ჰარი კეინზე. ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ამხელა ფორვარდი გახდებოდა. ასე რომ, ვინ იცის როგორი ფეხბურთელები გაიზრდებიან დღევანდელი ახლგაზრდა მანჩესტერელები, მაგრამ მათ მაგალითის მიმცემი ხალხი სჭირდებათ”.