„არსენალმა” კვლავ ვერ ივარგა, „საუთჰემპტონთან” შინ 2:2 ითამაშა და მისი ბასკი მწვრთნელი უნაი ემერი ახალ გასაჭირში ჩავარდა — პიერ ემერიკ ობამეიანგი და ალექსანდრ ლაკაზეტი იქადნებიან, თუკი კლუბი მდგომარეობის გამოსწორებას ისევ ემერის ანდობს, ჩვენ სხვაგან წავალთო.
სადღეისოდ „მეთოფეებს” პრემიერლიგაში ხუთი თამაშია არ მოუგიათ. ფანები ფეხბურთელებს, უფრო კი მწვრთნელს ობსტრუქციას უწყობენ — ტრიბუნებიდან ტრადიციული ინგლისური „ბუუუ” ისმის.
13 ტურის შემდეგ ჩრდილოლონდონელები ცხრილში მე-8 ადგილზე არიან და მეოთხე ადგილზე მყოფ „ჩელსის” 8 ქულით ჩამორჩებიან.
ბოლო ტურში, „არსენალი” ორჯერ ჩამორჩა „საუთჰემპტონს”, მაგრამ ორივეჯერ ლაკაზეტიმ გაათანაბრა. ზოგადად, როგორც ლაკაზეტი ასევე ობამეიანგი „მეთოფეთა” გუნდის მნიშვნელოვანი წევრები არიან, მაგრამ „დეილი მეილის” ცნობით არ არის გამორიცხული კლუბმა ნდობა მაინც ემერის გამოუცხადოს, თავდამსხმელთა ხსენებულ წყვილს კი ეს არ ეპიტნავება და გაქცევაზეა.
პრესა წერს, რომ ორივე ფორვარდს „ემირეიტ სთედიუმზე” ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდოდა, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ობამეიანგს ახლანდელი ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 18 აქვს დარჩენილი.
მეორე მხრივ, გავრცელდა ხმა, რომ „არსენალის” ფეხბურთის განყოფილების შეფს რაულ სანლეჰისა და ტექნიკურ დირექტორ ედუს ემერისთან კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო საუბარი ჰქონდათ. იმასაც ამბობენ, რომ ეს საუბარი „საუთჰემპტონთან” თამაშის დამთავრებისთანავე პირდაპირ სტადიონზე შედგა. ხსენებული წყვილი ემერის შესაძლო შემცვლელთა სიასაც კი ადგენსო, დაიწერა აქა-იქ.
ყველაფერი უახლოეს მომავალში გამოჩნდება.