ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მიითვალა „ინდიანა პეისერსმა“, რომელმაც შინაურ არენაზე „მემფის“ 126:114 დაამარცხა და ამ საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა.

ქართველმა ცენტრმა ამჯერად პარკეტზე წინა მატჩებთან შედარებით უფრო ცოტა დრო გაატარა. ინდიანაპოლისელთა მწვრთნელმა ჩვენებურს 7 წუთი მისცა, მაგრამ გოგა ამ მცირე დროშიც უქმად არ ყოფილა. მან 4 ქულა გააკეთა, რასაც თითო-თითო მოხსნა-დაფარებაც შემატა.

 

მას შემდეგ, რაც ტრავმით გამოწვეული უქმობის გამო „ინდიანას“ ლიტველი ცენტრი დომანტას საბონისი გამოჯანმრთელდა, ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში ვეღარ ხვდება და მოედანზეც შედარებით ცოტა დროს ატარებს. ამაში გასაკვირიც არაფერია. ბითაძემ ხომ ნბა-ს კარი წლეულს შეაღო და ისიც საქმეა, რომ სადებიუტო სეზონში გუნდის ხელმძღვანელობა მას ენდობა. რამდენიმე შემთხვევა გვახსენდება დრაფტზე აყვანილი ესა თუ ის ნიჭიერი კალათბურთელი შემდეგ კვლავ ევროპაში რომ დაუბრუნებიათ, მოსაყოჩაღებლად ან სათადარიგოთა სკამი უხეხიათ და ან მხოლოდ გუნდთან ერთად ვარჯიშით შემოუფარგლავთ.

ფაქტია, რომ გოგა ბითაძეს „ინდიანა პეისერსში“ ეს უსიამოვნო პერსპექტივა არ ემუქრება და როდესაც ჯანზეა ან რაიმე მიკროტრავმა არ აწუხებს ის მუდამ საქმეშია.

დომანტას საბონისმა კი „მემფისთან“ თავისი მრავალმხრივობა კვლავ გამოავლინა. არვიდას საბონისის ვაჟმა 13 ქულით და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, რასაც 6 შედეგიანი გადაცემაც მიაყოლა.

“ინდიანას” 10 მოგების წილ 6 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. ბითაძის გუნდი, მომდევნო მატჩს, 28 ნოემბერს ისევ შინ, “იუტასთან” გამართავს.