ნეიმარის თავნებობა, როგორც ჩანს, ისეთ მომღიმარ, მეგობრულ და კეთილგანწყობილ ადამიანსაც ბეზრდება, როგორიც „პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელი თომას ტუხელია.

გერმანელს ეს მაშინ შეეტყო, როდესაც ჟურნალისტებმა 27 წლის ბრაზილიელის ორიოდ დღის წინანდელ გასეირნებაზე ჰკითხეს — ნეიმარი მადრიდს გაეშურა, სადაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ბარსელონელმა ჟერარდ პიკემ „დევისის თასის” შეხვედრებს გაუწია ორგანიზება. პსჟ-ს თავდამსხმელი ცხადია მაყურებლის რანგში გახლდათ.

„მე რა ვქნა?, — ხელები გაშალა მწვრთნელმა, — არც მამამისი ვარ და არც პოლიციელი. მე მხოლოდ და მხოლოდ მისი მწვრთნელი ვარ და ცხადია, როგორც მწვრთნელს, ნეიმარის მადრიდში გადაფრენა-გადმოფრენა სულაც არ მესიამოვნა”.

თუმცა, შემდეგ ტუხელმა თავი ხელში აიყვანა და თქვა, რომ ბრაზილიელი გულმოდგინედ ვარჯიშობს როგორ გუნდთან ერთად, ასევე ინდივიდუალურად.