ქართველებს ხშირად გვჩვევია რაიმეს წინასწარ ზეიმი, მით უფრო თუ საქმე ფეხბურთს ეხება. აგერ, უკვე თითქმის 30 წელია ყველა შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ქულებს ვითვლით. ამას სახლში უეჭველი მოვუგებთ, იმას სტუმრად ფრეს გავუგორებთ და მიზანიც მიღწეული იქნება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება გულშემატკივართა ოცნებებიც ნაადრევად საპნის ბუშტივით სკდება. შორს რომ არ წავიდეთ, წლევანდელ ევროთასებზე „საბურთალოს“ მაგალითიც გამოდგება, როდესაც საქართველოს ჩემპიონს ევროპა ლიგაზე ისეთი წილისყრა დაუჯდა, თქვენი მოწონებული, მაგრამ შემდგომი მოვლენების განვითარებაც კარგად გემახსოვრებათ.

…ფუი ეშმაკს, ჯვარი გვწერია და მარტის თვეში იგივე იმედგაცრუებისგან ღმერთმა დაგვიფაროს. საქართველოს ნაკრებს, დიდ ტურნირზე მოხვედრის ასეთი უნიკალური შესაძლებლობა კიდევ როდის მიეცემა ღმერთმა უწყის. ამ შანსის გამოუყენებლობას კი ისედაც მრავალჯერ გულნატკენი ქომაგი ნამდვილად აღარ დაივიწყებს.

ასეა თუ ისე, რასაც ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს ნაკრები სამი ათეული წელია ჯახირობს და ვერ ახერხებს, უეფა უკრავს ხელს. უეფა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ჩვენებმა დიდ საფეხბურთო ფორუმზე ითამაშონ. ჯერ ერთა ლიგის დაარსება ხომ სწორედ ჩვენი კალიბრის გუნდებისთვის იყო მისწრება, ახლაა და სულაც ისეთი შანსი გვიბოძა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი, რამის თავი თუ გაქვთ, გააკეთეთ.

ერთა ლიგის საფლეიოფო წილისყრაზე მოგახსენებთ, რომელსაც ქართველი ქომაგი მოუთმენლად ელოდა.

4 ჯგუფში გადანაწილებული 16 ნაკრები, მათ შორის საქართველოც, ევრო 2020-ის ფინალური  ეტაპის 4 დარჩენილი საგზურისთვის გაზაფხულზე იბრძოლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი კი D ჯგუფის ფინალური მატჩის ადგილის გამოვლენა გახლდათ.

უეფას საგანგებო სტუმრის, საბერძნეთის ნაკრების 2004 წლის ოქროს თაობის წევრის, ანგელოს ხარისტიასის ხელები კი საქართველოს ნაკრებისთვის და იქ მყოფი ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებისთვის მართლაც რომ ბრილიანტის გამოდგა. უსუსტესებს, ანუ ერთა ლიგის D ფლეი ოფებში გამარჯვებულების გადამწყვეტ მატჩს სწორედ საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს. ეს ნიშნავს, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილს შორის უკეთესი, სადაც ურთიერთობას ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო გაარკვევენ, 31 მარტს ან თბილისში ითამაშებს ან მინსკში.

„ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებული  შანსია. საუკეთესო შესაძლებლობა გვაქვს, უდიდესი ისტორია დავწეროთ,“ – უეფას ოფიციალურ საიტთან წილისყრის შედეგები მოკლედ შეაფასა საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა.

დღესასწაულის მოლოდინში არიან ბელარუსებიც. ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ კომენტარი ერთა ლიგის ნახევარფინალში ჯვაროსნების მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმაც გააკეთა. „თბილისში მძიმე და საპასუხისმგებლო მატჩი გველის. რა თქმა უნდა,  ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვწადია და საამისოდ მაქსიმუმს გავიღებთ. ჩვენი თანამემამულეები დიდი ზეიმისთვის ემზადებიან,“ – ამბობს ბელარუსთა თავკაცი.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებს, რომელმაც 2019 წელს ოდენ ორი მატჩი მოიგო და ორივე ჯუჯა გიბრატართან უეფამ და ანგელოს ხარისტიასმა დიდი საჩუქარი გაუკეთა. ახლა ჯერი და მარიფათი ვლადიმირ ვაისზე და მის შეგირდებზეა. იქნებ, ლეგენდარული კოტე მახარაძის 1981 წელს ნათქვამი სიტყვები ისევ იქცეს რეალობად და თბილისი უდიდესი სიხარულის ტალღამ წალეკოს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერი ხომ  ნამდვილი ზეიმის დეფიციტს განიცდის, ფეხბურთი კი ჭეშმარიტად სახალხო თამაშია.

…თუმცა გადახტომამდე ჰოპლას დაძახება კარგად არავის დაუცდია. ამიტომაც წინასწარ სიხარული არას გვარგებს. მიზეზი იყოს და ზეიმის მოწყობას წინ რაღა დაუდგება.