გაირკვა, რომ ჟოზე მოურინიუს დენიელ ლევისთვის მწვრთნელობაზე თანხმობა მხოლოდ მას მერე უთქვამს, რაც „ტოტენჰემის” თავმჯდომარე დაჰპირებია, რომ ჰარი კეინს სულ მცირე 2021 წლის იანვრამდე არ გაყიდის.

ის ამბავი, რომ მოურინიუს მის წინამორბედ მაურისიო პოჩეტინოზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს, გუშინ მოგახსენეთ, ხოლო ის, რომ არგენტინელის სამსახურიდან გაშვება სატრანსფერო ფულთან დაკავშირებით მისმა უკმაყოფილებამ დააჩქარა, იმთავითვე ცნობილი ფაქტია. პოჩეტინოს ლევიმ ახალი ფეხბურთელები არ უყიდა. ამასობაში, სამ ძველ მოთამაშეს, ტობი ალდერვეირელდს, კრისტიან ერიკსენსა და იან ვერტონგენს ახალი კონტრაქტები ან სხვაგან გადასვლა მოუნდათ და მონასტერიც აირია.

საინტერესოა, რომ ლევისა და მოურინიუს შორის მოლაპარაკებები სამშაბათს საღამოს 22:30-ზე დაწყებულა და ოთხშაბათს დილით 6:30-ზე დამთავრებულა. „განსაკუთრებულმა” და „ტოტენჰემმა” 2023 წლის ივნისამდე დადეს ხელშეკრულება.

ინგლისური მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მოურინიუს უთხრეს, არ იფიქრო, პოჩეტინოსგან განსხვავებით სატრანსფერო ბაზარზე გასასვლელად ფულს მოგცემთო. ამიტომაც გაიძახის პორტუგალიელი ორი დღეა, ჩრდილო ლონდონში ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდის ეშხით მივდივარო.

„არ არსებობს მსოფლიოში მწვრთნელი, რომელსაც ახალგაზრდების აღზრდა და წინა პლანზე გამოყვანა არ უყვარდეს. პრობლემა ის არის, რომ ხანდახან ხვდები კლუბში, სადაც შენს ქვემოთ ცუდად მუშაობენ და ახალ ფეხბურთელებს არ ზრდიან. ამიტომაც გადავხედე ჩვენს („ტოტენჰემ ჰოთსპურის”) ისტორიას — ამ კლუბში აკადემია ყოველთვის ზრდის ნიჭიერ თაობას.

რას შემიძლია დაგპირდეთ? ვნებას. ნამდვილ ვნებას. ვნებას ჩემი პროფესიისა და კლუბის მიმართ”, — თქვა მოურინიუმ.

რაც შეეხება პორტუგალიელის თანაშემწეებს: მოუს მუდმივი ასისტენტი რუი ფარია ყატარშია რომელიღაც კლუბის პირველ მწვრთნელად. შესაბამისად, „ტოტენჰემში” ასისტენტად „ლილიდან” სასწრაფოდ წამოყვანილი ჟოაო საკრამენტო იმუშავებს. მეკარეთა მწვრთნელი იქნება ნუნუ სანტუში. ფიზიკურ მომზადებას კარლოს ლალინი მიხედავს, ანალიტიკურ განყოფილებაში კი ჯოვანი ჩერა და რიკარდო ფორმოშინო იქნებიან.

თუ მწვრთნელების ეროვნებას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ინგლისელები ჰარი კეინის გარდა, სავარაუდოდ, მხოლოდ მაყურებლები იქნებიან.

რაც შეეხება „აჯანყებულ” ტრიოს — ერიკსენს, ალდერვეირელდსა და ვერტონგენს — თუ ისინი „სფურზთან” ახალ კონტრაქტებს არ დადებენ, მოურინიუ მათ თვალის დაუხამხამებლად მოიცილებს. ერთადერთი შეუცვლელი კეინია.