
რობერტ მორენომ დუმილი დაარღვია. მოგეხსენებათ, ის ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გაუშვეს, ვინაიდან „ლა როხას” თავკაცად ლუის ენრიკე დაბრუნდა.
დღეს, მორენომ საფეხბურთო სამყაროს განცხადებით მიმართა, რომლის შესავალშიც დაწერა, რომ სამშაბათის შემდეგ თავისი გრძნობებისა და აზრების საჯაროდ გამოხატვის აუცილებლობა იგრძნო. მას სურდა მადლობა ეთქვა მხარდამჭერებისთვის და ასე დამშვიდობებოდა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას.
„გუნდი ექსტრემალურ ვითარებაში ჩავიბარე, — თქვა სამსახურიდან გაშვებულმა თავკაცმა, — ხოლო ამოცანა, რომელიც ჩემს წინაშე იდგა, ევრო 2020-ზე მოხვედრა გახლდათ, რაც შესრულებულია. თუმცა მწამს, ამას ესპანეთის ნეკრები ისედაც შეძლებდა.
ჩემი თანამდებობაზე ყოფნის ბოლო საათების ან თუნდაც ბოლო დღეების გარჩევა რომ დავიწყო, კრიტიკისა და თავის მართლების მორევში უნდა ჩავყვინთო, რასაც არ გავაკეთებ. ამას აზრი არ აქვს.
ჩემი სინდისი სუფთაა. ყველას ვერ ასიამოვნებ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ნებისმიერ მოსაზრებას პატივს ვცემ. მე სიტყვის კაცად ვარ ცნობილი. ნათქვამი მქონდა, რომ თუ ლუის ენრიკე დაბრუნდებოდა, ადგილს დავუთმობდი და ასეც მოვიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობად დამიჯდა. ამიერიდან ლუის ენრიკეს ყველა წარმატებას მივესალმები, ვინაიდან მისი წარმატება თითოეული ჩვენგანის წარმატება იქნება.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს თავდადებისა და ერთგულებისთვის. ვცდილობდი მათთან გულწრფელი, პატიოსანი და პირდაპირი ვყოფილიყავი. მინდოდა მათ მოედანზე საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დავხმარებოდი.
მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ დასახული ამოცანის შესრულებას ლუის ენრიკეს, რაფაელის, ხოაკინისა და ხესუსის გარეშე ვერ შევძლებდი. მივდივარ ნაკრებიდან და კოლეგებს კი არ ვკარგავ, ზურგსუკან მეგობრებს ვიტოვებ.
გულშემატკივრებისგან სულ მხარდაჭერას ვგრძნობდი, ამიტომ ერთადერთი, რისი თქმაც მათთვის შემიძლია, მადლობაა. მადლობა ასეულობით ქომაგს, რომლებიც მამხნევებდნენ და მილოცავდნენ. ისინი მუდამ ჩემს გულში იქნებიან.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის წევრებს იმ მოპყრობისთვის, რომელსაც ნაკრების მწვრთნელად მუშაობის დროს ვგრძნობდი. ისინი ჩემ მიმართ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავდნენ.
და ბოლოს მინდა მადლობა ვუთხრა მას-მედიას. თქვენ უკლებლივ ყველა პრეს-კონფერენციაზე მწვავე კითხვებს მისვამდით. მეც, ჩემი მხრივ ვცდილობდი ყველას მიმართ პატივისცემა გამომეხატა და ყველასთან მეგობრული და გულწრფელი ვყოფილიყავი.
ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში ჩემს მუშაობას დასაწყისშიც და ბოლოშიც ტკბილ-მწარე გემო სდევდა. ახლა უკვე დროა წინ ვიყურო და ჩემს საქმეში, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია ახალ გამოწვევებს შევეჭიდო. ახალი პროექტებისთვის მზად ვარ”.
შეგახსენებთ, რომ „ლა როხას” თავკაცის რანგში რობერტ მორენოს ბოლო მატჩი რუმინეთის ნაკრებთან 5:0 გამარჯვებით დასრულდა.
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ მორენო თავიდან ლუის ენრიკეს ასისტენტი იყო, მაგრამ როდესაც „ბარსას” ყოფილმა თავკაცმა შვილის მძიმე და ტრაგიკული დაავადების გამო მუშაობა შეწყვიტა, ნაკრები უკანდახევის გარეშე ჩაიბარა.