დროა, ახალგაზრდა თაობა დიდ სამეულთან მოგებებს არა მხოლოდ სამ სეტიან, 5 პარტიისგან შემდგარ მატჩებშიც დაეჩვიოს. აგერ, თითქმის ორი ათეული წელიწადია ვინც არის სამეფო სპორტში ამინდის შემქმნელი და მონსტრების დიდებული სამეული, შეხსენება, უადგილოდ გვეჩვენება.
ცხადია, ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და მეიჯორებზეც არაერთხელ დამარცხებულან, ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ან მსოფლიოს სხვა მოწინავე ჩოგბურთელებთან პაექრობისას, აქა-იქ ახალგაზრდა ნიჭიერი ჩოგბურთელებიც თევზის ფხასავით გაჩხერიან ყელში, როგორც ეს დიად როჯერ ფედერერს ავსტრალიის წლევანდელ პირველობაზე სტეფანოს ციციპასთან დაემართა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი სლემის ტურნირებზე ძველებს ახლებთან თვალსაჩინო უპირატესობა აქვთ.
დროა ამ ტენდენციას წერტილი დაესვას. არ გეგონოთ ეს ჩვენი კატეგორიული აზრი იყოს და მეიჯორებზე დიდი სამეულის წარმატებებს ვეწინააღმდეგებოდეთ. ამას წარსულში გამოჩენილი საჩოგბურთო ხალხი ამბობს.
ახლახანს, ლონდონში დასრულებული შემაჯამებელი ტურნირის შემდეგ, სადაც 21 წლის სტეფანოს ციციპასმა ფინალში დომინიკ ტიმს სძლია, ერთბაშად ორმა ვეტერანმა ჩოგბურთელმა, რომელთაგან ერთი უდავოდ სამეფო სპორტის ლეგენდაა, თქვა, რომ 2020 წელს ციციპასიც და ტიმიც თავიანთ პირველ დიდ სლემს მოიგებენ.
„ჩოგბურთის მომავალი ნამდვილად საიმედო ხელშია. ლონდონის ფინალის ემოციები ჯერაც არ გამნელებია. ციციპასმა და ტიმმა არაჩვეულებრივი მატჩი გვაჩუქეს და ეს შთაბეჭდილებები, ალბათ დიდხანს გამყვება. ვფიქრობ, 2020 წელს ისინი უფრო მაღალ მწვერვალებს დაიპყრობენ. ორივე იმსახურებს რომელიმე მეიჯორი არა დიდი სამეულის წასვლის შემდეგ, სწორედ მათ ეპოქაში მოიგოს,“ – ამბობს ლეგენდარული როდ ლეივერი.
ჩოგბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს გამოჩენილი ბრიტანელი მოთამაშე ტიმ ჰენმანიც კარგად ემახსოვრებათ. ის მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახლდათ. „მას შემდეგ, რაც ჩვენ წლევანდელ შემაჯამებელ ტურნირზე ვიხილეთ, შემიძლია ვივარაუდო, რომ შორს არ არის ის დრო, როცა დომინიკ ტიმი მეიჯორზეც გაიბრწყინებს. გავრისკავ და დავაკონკრეტებ, რომ ის გაისად „როლან გაროსის“ ჩემპიონი გახდება. რაფაელ ნადალი? ბუნებრივია, იმის წინასწარმეტყველება, რომ ის პარიზში კარიერაში მეცამეტედ იჩემპიონებს გაცილებით მარტივია, მაგრამ მე სენსაციის მხარეს დავდგებოდი,“ – თქვა ტიმ ჰენმანმა.