„არსენალი” უნაი ემერის შემცვლელს ეძებს. „მეთოფეების” საფეხბურთო საქმეთა დირექტორი რაულ სანლეჰი ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს ლუის ენრიკეს დაკავშირებია. ემერის ჩრდილო ლონდონში ცუდი პერიოდი დაუდგა — ყველა შეჯიბრებაში ერთად აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია.
ბასკის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში „არსენალმა” ბოლოს 6 ოქტომბერს გაიმარჯვა — „ბორნმუთთან” 1:0. სადღეისოდ, „მეთოფეები” ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერს ვინ ჩივის, მეოთხე ადგილს ჩამორჩებიან 8 ქულით.
რაც შეეხება „რეალისა” და „ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელ ლუის ენრიკეს, ის ბოლოს ესპანეთის ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ ივნისში გადადგა. მიზეზი: მის ქალიშვილს ძვლის კიბო სჭირდა და გარდაიცვალა.
ენრიკეს წასვლის შემდეგ „ლა როხას” გაწვრთნა რობერტ მორენომ ითავა. ლუის ენრიკეს დროს ის მისი ასისტენტი გახლდათ. გუშინ, როდესაც ესპანეთმა რუმინეთს 5:0 მოუგო, მორენომ მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანო” თვალაცრემლებულმა დატოვა. მან თქვა:
„მე ლუისს მეგობრად ვთვლი, მეგობრობა კი ყველაფერზე მაღლა დგას. თუკი ერთ მშვენიერ დღეს მას ნაკრების სათავეში დაბრუნება მოუნდება, მე გავიწევი და ადგილს დავუთმობ. ამ გადაწყვეტილებას მყისიერად მივიღებ. ამისათვის არც ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ ლუის რუბიალესთან დამჭირდება კონსულტაციები და არც სპორტულ დირექტორ ხოსე მოლინასთან. აქვე დავძენ, რომ ეს ხალხი მე მენდობა, მე კი მათ ვენდობი”.
ახლა, რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გაახსენდათ „არსენალის” შეფებს ლუის ენრიკე. საქმე ის არის, რომ მას ადრე უთქვამს, პრემიერლიგაში სიამოვნებით ვიმუშავებდიო. უფრო ზუსტად, „ბარსას” ყოფილმა თავკაცმა ასე თქვა:
„ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში წავიდოდი სამუშაოდ. მართალია, ჩემს ცოლს ბრიტანულ ამინდში ცხოვრება არ მოუნდება, რადგან ბარსელონელია და მზის ქვეშ ურჩევნია, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი გუნდი მომიწვევს”.