კოსოვოში ინგლისთან თამაში გაუხარდათ

გარეთ საუთგეიტის ხელში ინგლისმა ევრო 2020-ის შესარჩევი შეჯიბრება კოსოვოში 4:0 გამარჯვებით დააგვირგვინა და ფინალური ეტაპის კენჭისყრის წინ, განთესილთა შორის უმაღლესი პოზიცია დაიკავა.

ამავე შეხვედრის 79-ე წუთზე ტოტენჰემელი ჰარი კეინი გახდა ინგლისის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შესარჩევი შეჯიბრების ყველა შეხვედრაში გოლი შეაგდო. ზოგან ერთი და ზოგან მეტი — სულ 12.

კინის გარდა კოსოვოელების კარში გაიტანეს ჰარი ვინკსმა, მარკუს რეშფორდმა და მეისონ მაუნტმა.

საუთგეიტმა თქვა: „დღეს ჩვენ გაცილებით წინ ვართ ვიდრე ორი წლის წინ, რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის წინ ვიყავით. იმ დროიდან დღემდე დიდი პროგრესი განვიცადეთ. ახლა, უშუალოდ ფინალური ეტაპის წინ უნდა მოვემზადოთ რაც შეიძლება კარგად.

შეამჩნევდით, რომ ჩვენს გუნდს საკუთარი ძალების რწმენა არ აკლდა. ამის მიუხედავად, დღევანდელი გადასახედიდან ევროპის ჩემპიონატის მოგება ისეთივე ძნელი ჩანს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება იყო. მიზეზი: თუ გახსოვთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხივე ნახევარფინალისტი ევროპელი იყო. დაამატეთ მათ ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, სხვა ძლიერი გუნდები და ძალიან ძლიერ შეჯიბრებას მიიღებთ”.

შემდეგ საუთგეიტმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ განთესვაში მაღალ პოზიციაზე ყოფნა მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება კოსოვოსთან თამაშს: „ეს რთული მატჩი იყო, თუმცა ყველაზე მთავარი ის გახლდათ, რომ აქ ჩინებულად დაგვხვდნენ. დღევანდელი საღამო ადგილობრივი გულშემატკივრისთვის აშკარად განსაკუთრებული იყო და ბედნიერი ვარ ვარ, რომ მისი მონაწილენი ვიყავით”.

მართალი თქვა თუ არა საუთგეიტმა ანუ იქნებოდა თუ არა კოსოვოში 4:0 მოგებული შეხვედრა ინგლისელთათვის რთული, თავად განსაჯეთ.