რას ნიშნავს ეს ერთ აზრად შეკრული სამი სიტყვა, რომელიც მალიმალ იელვებს ხოლმე საერთაშორისო სააგენტოთა ფურცლებზე?

NEVER-SAY-DIE – სიტყვასიტყვით რომ გადმოვთარგმნოთ, ასე გამოდის: არასოდეს თქვა სიკვდილი.

საზოგადოდ კი, ეს სიტყვათა შეთანხმება გულისხმობს უდრეკ, ასე ვთქვათბ აგუტეხელ კაცს, იმას, ვისი ხასიათიც აშკარად გამოჩნდება ძნელბედობის ჟამს.

საფეხბურთო კონტექსტში ეს NEVER-SAY-DIE მოიხმარება იმ მოთამაშეთა შესაქებად და დასაფასებლად, თავიანთი ჯიგრით და მებრძოლი სულით გუნდს რომ წაუძღვებიან და წაგებული თამაშს არა მხოლდ ოსტატობით, არამედ დაუდგრომელი გულითაც შემოატრიალებენ. ანდა ხომ ხდება ასეთი რამეც, რომ გუნდი გატყდება, დადგება და თამაში წაგებული აქვს. ამ დროს კი აღმოჩნდება ერთი ვინმე ამ გუნდიდან, რომელშიც არ ისვერებს, წინ და უკან დარბის და სურს, მარტომ შეცვალოს თამაშის ბედი. აი, ასეთი მოთამაშეც NEVER-SAY-DIE-ია.

ახლა კი გავარკვითო, რა არის GIANT-KILLER? ეს სიტყვათა შეთანხმებაც ხშირად გაელვებს ხოლმე საერთაშორისო ამბების აღწერილობაში. „ქილერი“ იმგვარი სიტყვა გახლავთ, რომ სადღეისოდ ქართველი არ მეგლუება, მისი მნიშვნელობა არ იცოდეს, ეს საყოველთაოდ ცნობილი „ქილერი“ – მკვლელია და აბა ამას რა სწავლა და გაგება უნდა?  „ჯაიანთ“ კიდევ გოლიათს ნიშნავს. ასე რომ, ვისაც სამი კლასი ინლისური გაუვლია, ყველა მიხვდება – GIANT-KILLER – გოლიათთა მკვლელია.

საფეხბურთო ამბავში GIANT-KILLER-ი ის პატარა, უსახელო გუნდია, რომელიც სადღაც დაბალ ლიგაში ჩაკარგულა და დიდ გუნდებთან თამაში პრაქტიკულად არ უწევს, მაგრამ როგორც კი მოახერხებს ისეთ შეხვედრას, ვთქვათ, სათასო მატჩში, ადგება და დიად გუნდს ჭიტლაყსა ჰკრავს. ამ პატარა გუნდს არა აქვს მაღალ ლიგებში ატოტების საუშალება, ქომაგადაც ორიათასამდე კაცი თუ შერჩენია და მოთამაშეთა სახელებიც საგრაფოს იქეთ არავის სმენია. მაგრამ ამ პატარა გუნდს ერთი ჯიგრიანი ამბავი აქვს. სანამდეც გული და ფილტვი გასწვდება, დიადი და სახელოვანი კლუბები უნდა ამარცხოს. ამიტომაც, მათ გოლიათთა მკვლელებს ეძახიან.

ეს ორი საფეხბურთო ტერმინი ლამაზიცაა, მოხდენილიც და მავანთა საფეხბურთო სულსაც საუცხოოდ გამოტახავს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, რომ საფეხბურთო ქვეყანა, რომელსაც ამგვარი ტერმინები არ გააჩნია (რა თქმა უნდა, ისინი ჟურნალისტთა მიერაა მოგონილი), ვერც იცხოვრებს ჯანსაღი საფეხბურთო ცხოვრებით NEVER-SAY-DIE-სა და  GIANT-KILLER-ის არსებობა საფეხბურთო სულის უკვდავებას გულისხმობს და ყოველგვარ რომანტიკას რომ შევეშვათ, ეს სიტყვები ფეხბურთის და საერთოდ სპორტისაც, მამოძრავებელ ძალად უნდა დავსახოთ.

აბა, რა შეჯიბრზე, რომელ კონკურენციასა და გამარჯვების წყურვილზე ილაპარაკებ, როცა ქვეყანაში GIANT-KILLER-ი კი არა, ერთი NEVER-SAY-DIE-ც არ მოიძებნება. შეიძლება ვიდავოთ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, გუნდების რაოდენოობაზე ჩვენს სერია ა-ში, სათასო გათამაშების პრინციპებზე და ა.შ. მაგრამ ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ, თუ ეს ორი რამ არ გვეყოლა, უდრეკი ბიჭი და გოლიათების დამარცხებით ანთებული პატარა გუნდი, საქმე ვერ აეწყობა.

ძნელად რამე თუ შეედრება მოედანზე NEVER-SAY-DIE-ს ცქერას. ის ხომ იმედის უპირველესი ფაქტორია მოედანზე. იმედი კი იმგვარი რამ გახლავთ, კაცს რომ ფეხბურთის ცქერის სურვილს უნარჩუნებს, რადგან თუ ქომაგს იმედი არა აქვს, ტრიბუნა ცარიელი იქნება, ცარიელი ტრიბუნა კი ფეხბურთის სიკვდილს ნიშნავს.

და განა, GIANT-KILLER-ი იმედი არ არის? იმედი პატარა ქალაქის, თუნდაც ერთი პატარა უბნის აღზევებისა. მაგრამ ეს არა მხოლოდ იმედი, არამედ ღირსებაცაა საკუთარი ღირსების შეგრძნება, პატარა კლუბი რომ გადასდებს ქალაქს ან კიდევ, NEVER-SAY-DIE არ მოსწმენდს ხოლმე ნამუსს არათუ კლუბსა და ქალაქს, არამედ ხშირად მთელს ქვეყანასაც?

ასეა, ფეხბურთს თავისი გმირები რომ ჰყავს, ახალი ამბავი სულაც არ არის, მაგრამ ეს გმირები ერთგვაროვანნი სულაც არ არიან. სიტყვა „ვარსკვლავი“, რა თქმაუნდა, არ მოიცავს ყველას და ყველაფერს, ის საკმაოდ ხშირად ფერმკრთალდება ხოლმე, რადგან ფეხბურთი არ კეთდება მხოლოდ ვარსკვლავების მიერ. უბრალოდ, ვარსკვლავები ფეხბურთის ხმამაღალი ბიჭები არიან.

ამ თამაშს კი სხვა უამრავი მსახურიც ჰყავს.

ამათ შორის NEVER-SAY-DIE-და GIANT-KILLER-ი.

ისინი, ვინც იმედსა და ღირსებას უნარჩუნებენ თამაშს.

15.11.1997

 

წილი
წინა სტატიაუელსი, გოლფი, რეალი
შემდეგი სტატიაბითაძის შვიდი
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.