არ არის გამორიცხული, რომ იანვარში გარეთ ბეილი „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდეს. თუ ეს ტრანსფერი საახალწლოდ არ განხორციელდება, ზაფხულს ნამდვილად აღარ გადასცილდებაო, ამბობენ „რეალის” ბანაკში.

გასული ზაფხულის ამბავი კი კარგად გეხსომებათ: უელსელი ჩინურ „ჯუანგსუ სუნინგში” გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იდგა, ხელფასის ამბავიც გარკვეული ჰქონდა — კვირაში(!) მილიონი გირვანქა უნდა აეღო — მაგრამ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე წუთებით ადრე მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გარიგება ჩაშალა — ჩინელებმა სატრანსფერო თანხა გადამიხადონო.

საკითხში ჩახედული წყაროების ნაწილი ამბობს, რომ პერესის ეს საქციელი „მანჩესტერ იუნაიტედთან” იყო დაკავშირებული. „ოლდ ტრეფორდზე” ბეილის ყიდვა ძალიან სურთ და „რეალის” პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მანჩესტერელმა ბოსებმა მოახდინესო.

„რეალს” კი უელსელი აღარ სჭირდება — ეს კარგა ხანია ყველამ იცის და ამის დასკვნა „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ბოლოდროინდელი კომენტარებიდანაც არ არის ძნელი. აგერ უკვე ერთი თვეა ბეილს „რეალის” მაისური არ ჩაუცვამს, ფიზიკურად მზად არ არისო.

ამ დღეებში, ნაკრებში სათამაშოდ გამოძახებულ ბეილს გულშემატკივრები დიდი პლაკატით დახვდნენ: „უელსი, გოლფი, რეალი… მხოლოდ ასეთი მიმდევრობით”. ანუ, უელსელმა ფანებმა ფეხბურთელს პრიორიტეტები ჩამოუწერეს.

ბეილის გარემოცვა ადასტურებს, რომ თავდამსხმელი მზადაა მადრიდულ თავგადასავალს წერტილი დაუსვას. აგრეთვე ამბობენ, რომ „რეალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” შეეცდებიან უელსელი ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბაში გაცვალონ — ახლავე თუ არა, ზაფხულში მაინც.

ბეილს „რეალთან” კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს. მისი ხელფასია კვირაში 650 000 გირვანქა, თუმცა „ოლდ ტრეფორდზე” ეს თანხა შემცირდება, რაც თურმე თავად ფეხბურთელმაც კარგად იცის.