ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში, „ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს „მილუოკი ბაქსს“ გაეჯიბრა და საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერის მიუხედავად, მაინც 83:102 დამარცხდა.

ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ სტუმრებმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს და გოგა ბითაძის გუნდს გამარჯვების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს. რაც შეეხება ჩვენებურს, მან პარკეტზე 12 წუთი დაჰყო და აქტივში 7 ქულა მიითვალა, რასაც ერთი მოხსნაც მიამატა.

ნბა-ში 12 წუთი, მით უმეტეს ოკეანისგაღმა ჯერ გამოუცდელი და ახალბედა კალათბურთელისთვის ცოტა არ არის, მაგრამ გოგასთვის მწვრთნელს უფრო მეტი დროც მიუცია, რაც გუნდის ძირითადი ცენტრის, მაილს ტერნერის ტრავმით იყო გამოწვეული, რომელიც მან 30 ოქტომბერს მიიღო. „მილუოკთან“ კი იძულებითი შესვენების შემდეგ ტერნერი დაბრუნდა და „ინდიანას“ შემადგენლობაშიც საუკეთესო იყო. მან თავი 16 ქულას და 11 მოხსნას მოუყარა. ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა დომანტას საბონისი (11 ქულა, 14 მოხსნა).

13 ტურის შემდეგ „ინდიანას“  7 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 ნოემბერს  სტუმრად, „ბრუკლინ ნეტსთან“  გამართავს.