ყბადაღებული „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“ უკვე აღარ მუშაობს. ჩვენების თავკაცმა ვლადიმირ ვაისმაც თქვა მატჩის შემდეგ, თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით არაო. რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები მისგან?

არადა, ხარისხი რომ კარგი ყოფილიყო, ხომ არ წავაგებდით?

კიდევ ერთი ნაცნობი პრობლემა. ჩვენებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს, ვიდრე პირველი. ასეთი რამ თითქმის ყოველთვის ხდება, რომელიმე ტაიმს ქართველები უკეთ თამაშობენ.

გოლიც ისევ დაცვის ჩავარდნის გამო გავუშვით. ერთი წამით დაკარგეს კონცენტრაცია მცველებმა და საჯარიმოში ფაქტობრივად მარტოდ დარჩენილმა სედრიკ იტენმა თავურით გაიტანა.

ხარისხი კარგი იყოო და, ამდენ მიმენტს რომ ვერ გამოიყენებ, კარგი ხარისხის მაჩვენებელია? ჩვენისთანა გუნდისთვის ნებისმიერი მომენტი ბაჯაღლო ოქროს ფასია და ასე განიავება არ ეგების. თუმცა, აქ ვაისი არაფერ შუაშია, მწვრთნელმა რამდენიც უნდა უჩიჩინოს, ფეხბურთელმა თუ ვერ შეასრულა, არაფერი გამოვა. აქ უკვე სათამაშო კალასთან უნდა გვქონდეს საქმე. გავიხსენოთ ერთა ლიგის შეხვედრები, ვის გაჰქონდა გოლები? გიორგი ჩაკვეტაძეს. ის რომ არ ყოფილიყო, რამდენ თამაშს მოვიგებდით?!

ასეა.

ისე ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, მეტოქეს მინდვრის ყოველი გოჯისთვის ებრძოდნენ, ქვილითაიამ ძელსაც მოარტყა ბურთი, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ვერაფრით ვისწავლეთ არწაგება. ერთიცაა, საქართველოს ნაკრებს სატურნირო მოტივაცია არ ჰქონდა და შედარებით ლაღად ამიტომ თამაშობდა, აბა შვეიცარიელებისთვის, თუნდაც ფრე, კატასტროფის ტოლფასი იყო.

შეგვაქეს კიდეც მატჩის შემდეგ, მძიმე თამაშს ველოდით და ასეც მოხდაო. კაპიტანმა ლიხტშტაინერმა ისიც კი თქვა, ცეცხლთან ვთამაშობდითო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოგება შევძელით. ჩემს სტადიონზე გავიტანე გოლი (იტენი „სენტ გალენის“ ფეხბურთელია). წარმოუდგენელი ამბავია. დავინახე, რომ ზაკარია ჩაწოდებას აპირებდა და გავიხსენი. დაუვიწყარი მომენტი იყო,“ – დასძინა იტენმა.

არადა, გახსოვთ გოლის ეპიზოდი. ჩვენებმა ბურთი რომ თავად წაიღეს საკუთარი კარისკენ და გოლი არაფრისგან გააკეთეს?! იქეთ უტევდნენ, გოლი აქით მიიღეს, თითქოს კარი შეეშალათო…

გონებაში ჩვენები იქნებ უკვე ბელარუსთან მატჩში იყვნენ, ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელიც გაისად მარტში გაიმართბა თბილისში.

წლეულს კი ერთი თამაში კიდევ დაგვრჩა. ამხანაგური ხორვატიასთან, 19 ნოემბერს ქალაქ პულაში.

ევროპის 2020 ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

15 ნოემბერი. სენტ გალენი, „კიბუნპარკი“

შვეიცარია 1:0 საქართველო

1:0 იტენი (77)

 

 

 

წილი
წინა სტატიაწინ ქარიშხალია
შემდეგი სტატიადაბრუნდა
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.