რა სჭირთ აღმოსავლეთ ევროპაში? წინა სანაკრებო კვირაში, სოფიაში, ბულგარეთისა და ინგლისის შეხვედრა მაყურებლის რასისტული ქცევის გამო კინაღამ ჩაიშალა. გუშინ კი ბულგარელებისგან ესტაფეტა რუმინელებმა გადაიბარეს — შვედ თავდამსხმელ ალექსანერ ისაკს ისე დაჰყვირდნენ, რომ ერთიპირობა თამაში შეწყდა. მსაჯებს ასეთ გადაწყვეტილებას პროტოკოლი ავალდებულებს. მატჩის გამაფრთხილებელი შეწყვეტა პირველი ნაბიჯია თამაშის გაუქმებისკენ.
„რეალ სოსიედადის” მოთამაშემ თქვა, რაც მოხდა ძალიან გულდასაწყვეტი იყოო.
შვედეთის ნაკრებმა რუმინეთისას 2:0 მოუგო, მაგრამ 20 წლის ისაკს ბურთის ყოველი მიღებისას ღრიანცელის მოსმენა უწევდა. ამ გამარჯვებით შვედები ევრო 2020-ზე გავიდნენ.
მატჩის შემდეგ ისაკმა თქვა: „მსაჯთან (იტალიელ დანიელე ორასტოსთან) მივედი და ვკითხე, რამე თუ გესმის, მეთქი. რამდენიმე წუთის შემდეგ მან მიპასუხა, რომ მართლაც ესმოდა რასისტული შეურაცხყოფა. მერე მკითხა: „შევწყვიტო თამაში?” მე ვუპასუხე, რომ თამაშის შეწყვეტა საჭირო არ იყო.
სტადიონებზე რასისტული სიტყვები არ უნდა ისმოდეს. რასისტულ ქცევას საერთოდ არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ამის მოსმენა ძალიან გულდასაწყვეტია”.
შვედეთის ნაკრების კაპიტანი 34 წლის ანდრეა გრანდქვისტი (ჰელსინგბორგი): „მსაჯმა რთულ სიტუაციას ნამდვილად კარგად გაართვა თავი. ორასტო ძლიერი მსაჯია. მან ისაკს უთხრა, თუკი ტრიბუნებიდან რაიმე შეურაცხმყოფელს კიდევ გაიგებ, მითხარი და თამაშს გავაჩერებო. ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფრის მიუხედავად მატჩის დარჩენილი ნაწილი ჩაგვემთავრებინა და საფეხბურთო წარმატება გვეზეიმა”.
28 წლის ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი): „რუმინელმა ფეხბურთელებმა გვითხრეს არაფერი გაგვიგიაო. მათ საწინააღმდეგოდ არაფერი ხდებოდა და იმიტომ. ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენია. ისაკი კი ძლიერი პიროვნებაა. მე მას თამაშის შემდეგ ვკითხე როგორ ხარ მეთქი. იაკმა მიპასუხა, ყველაფერი კარგად არისო. ფეხბურთში რასიზმს რამე უნდა ეშველოს. ასე ვერ გაგრძელდება”.