ფირუზ კანთელაძე უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ ქართული ფეხბურთის მოღვაწეებს და ვეტერანებს პირველ ყოვლისა სიტყვები “უწესიერესი”, “უპატიოსნესი”, “უკეთილშობილესი” გამოათქმევინა და იმ კოლეგა-ჟურნალისტებმაც, ვისაც ფირუზ კანთელაძესთნ ინტერვიუ ჩაუწერიათ, განაცხადეს: საკუთარ სახლში გვეგონა თავი, ისეთი სითბოთი და სიკეთით გვღებულობდაო. მცირე ამბავი როდია, იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის და ორგზის თასის მომგები, ვიცე-ჩემპიონობასა და ბრინჯაოს მედლებზე რომც არაფერი ვთქვათ და დარჩე თავმდაბალ ადამიანად, რომელთან ურთიერთობა და საუბარი თანაბრად უხაროდა კოლეგას, მეგობარს, მეზობელს და ჟურნალისტს.

ფირუზ კანთელაძე და “დინამო” დიდი ისტორიაა. ტანმაღალი მცველისთვის ნომერ პირველი ქართული გუნდი არასდროს ყოფილა მხოლოდ გუნდი. იცვლებოდნენ მწვრთნელები და ზოგიერთის მოსვლას სრულიად გაუგებარი ცვლილებები მოჰყვებოდა ხოლმე, როცა ფორმის პიკში მყოფი კანთელაძე სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდებოდა. ახალგაზრდობაში ფეხბურთიდან წასვლაც უფიქრია ამის გამო, მაგრამ “დინამოდ” წოდებული შინაგანი მუხრუჭი მთელი სეზონის მანძილზე აჩერებდა მოედნის განაპირას იმ იმედით, რომ საყვარელი გუნდის მაისურით კიდევ გავიდოდა მინდორზე.

და კიდევ, ცნობილი ფინალი სსრკ თასისა, როცა ყველაზე კრიტიკულ მომენტში ფირუზ კანთელაძეს პენალტის დარტყმა ანდეს – გავიდა, დაარტყა, გაიტანა და თასის ბედიც იმ 2:0-ზე გადაწყდა ალბათ.

გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც 12 წლის მანძილზე ეფექტურად და მუყაითად იცავდა “დინამოს” საჯარიმო მოედნის მისადგომებს და თავისი გუნდისთვის მოედანზე ტოვებდა ყველაფერს. იგი ძლიერ დააკლდება “დინამოს” და საქართველოს.

წილი
წინა სტატიაროგორ დაიპყრეს ქართველებმა პარიზი
შემდეგი სტატიაუელსი, გოლფი, რეალი
დავით გულუა
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია