ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის ითამაშეს ქართველმა მორაგბეებმა ასე შედეგიანად, როგორც ეს გასულ პარასკევს მოხდა. ჩელენჯ კაპზე, რანგით მეორე სარაგბო ევროტურნირზე ერთბაშად 3 ლელო გავიდა, პლუს ამას 2 გარდასახვა და ზედაც 2 ზუსტი საჯარიმო დარტყმა. გარდა ამისა, 2 ქართული ლელო საფრანგეთის პრო დ2-ში დაიდო.

ჩელენჯ კაპის ახალმა გათამაშებამ სტარტი რუსეთში აიღო: კრასნოდარის სტადიონზე კრასნოიარსკის „ენისეიმ“ ინგლისურ „ვუსტერს“ უმასპინძლა და სასტიკად განადგურდა – 14:57. ციმბირელთა სასტარტო შემადგენლობაში 3 ქართველი იყო – მარცხენა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და გარემარბი დავით მესხი. კრასნოიარსკელთა პირველი ლელოც სწორედ ამ უკანასკნელმა მიითვალა და ასე აღნიშნა საკუთარი დებიუტი ევროარენაზე. ახალგაზრდა ქართველმა გუნდის მრავალსვლიანი კომბინაცია მარჯვენა ფლანგზე ეფექტური გარღვევით დააგვირგვინა, საღამოს კი, როცა საქართველოში შუაღამე იყო, საფრანგეთის დედაქალაქში ქართული დერბი შედგა.

„ჟან ბუენზე ერთმანეთს „სტად ფრანსე“ და „ბრივი“ დაუპირისპირდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ერთ-ერთ გუნდში ერთბაშად ექვსმა ქართველმა ითამაშა და ეს გუნდი „ბრივი“ გახლდათ. ამ კლუბის ხელმძღვანელობამ საქართველოს ნაკრების ძირითადი ღერძი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და სწორედ ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის დამსახურებაა, რომ ამ პატარა პროვინციულმა გუნდმა ევროპის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კლუბი მისსავე მოედანზე დაამარცხა – 27:11.

ეს იყო ქართველთა ბენეფისი. პირველი ლელო ლობჟანიძემ მიითვალა, მეორე – ასევე ბორჯღალოსანმა ოთარ გიორგაძემ, ხოლო აბჟანდაძემ ორივე წარმატებით გარდასახა, რასაც ორი ზუსტი ჯარიმაც დაუმატა, ხოლო მეორე ტაიმში შერკინების ქართულმა პირველმა ხაზმა კარლენ ასიეშვილის, ვანო კარკაძისა და ლუკა ჯაფარიძის შემადგენლობით, საჯარიმო ლელოს მიაღწია.

ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრიველთა ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მთლიანად ქართველების დამსახურებაა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში ბორჯღალოსანი გიორგი მელიქიძე იყო.

კიდევ ერთ ფრანგულ დუელში „ბაიონი“ შინ „ტულონთან“ 13:20 დამარცხდა და სტუმრბს შორის მეორე ტაიმში ბექა გიგაშვილმა და მამუკა გორგოძემ ითამაშეს.

საფრანგეთის პრო დ2-ში კი თავი ილია კაიკაციშვილმა ისახელა. „ნევერის“ 26 წლის ქართველმა ბურჯმა „ვალანს რომანის„ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და ამ გუნდის რბევას სათავე მე-14 წუთზე გატანილი ლელოთი დაუდო, ხოლო 35-ეზე დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში – 36:6 და „ნევერი“ 11 ქულით დაშორდა გასავარდნ ზონას.

წილი
წინა სტატიადაბრუნდა
შემდეგი სტატიატანმაღალი და თავმდაბალი ვარსკვლავი
სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.