უკვე 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მორიგ გათამაშებაში უმთავრეს კონკურენტთან, რუმინეთის ნაკრებთან საშინაო მატჩით ჩაებმება. ამით ახალი 4-წლიანი ციკლი იწყება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბორჯღალოსნები ამ საპასუხისმგებლო თამაშს თავკაცის გარეშე შეხვდებიან.
მოგეხსენებათ, რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ამ ორგანიზაციაში, წესდების თანახმად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 20 დეკემბრიდან 20 თებერვლამდე პერიოდში უნდა გაიმართოს. ნაკრების ახალი თავკაცი კავშირის ახალარჩეულმა ხელმძღვანელობამ უნდა დანიშნოს, ახალი მწვრთნელის შედეგებზეც პასუხი მისმა დამნიშნავმა უნდა აგოს.
სავარაუდოდ, ლოგიკურია, ვიდრე ახალ მწვრთნელს მოძებნიან, გუნდს ყოფილი დამრიგებლის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს.
და როგორი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ეროვნულ გუნდს? უპირველესი მოთხოვნა ალბათ ის იქნება, რომ მომავალი დამრიგებელი ნაკრების მოთამაშეების შესაბამისი დონის იყოს. ამას ხაზს იმიტომ ვუსმევთ, რომ ბოლო წლებში ჰეიგი თავისი ცოდნითა და კვალიფიკაციით აშკარად ჩამორჩა ქართველ მორაგბეებს. ყოველ შემთხვევაში – მამუკა გორგოძე, მიშა ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და კიდევ რამდენიმე ბორჯღალოსანი მსოფლიო დონის კაშკაშა ვარსკვლავებად მიიჩნეოდნენ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდით ქართველთა კივი მწვრთნელზე.
ანუ, გვჭირდება ვინმე სახელიანი და მცოდნე, რომელიც ნაკრებში მუშაობას თავისი კარიერული წინსვლის ხერხად არ აქცევს და პირიქით თავის ცოდნას ქართველ მორაგბეებს გაუზიარებს. მეორე კრიტერიუმი, ალბათ მომავალი მწვრთნელის სათამაშო ფილოსოფია იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სტილის მქადაგებელი იქნება ის. ფაქტია, რომ ზელანდიური რაგბი ქართველებისთვის ძალიან უცხოა. ჰეიგის ხელში ქართველებმა ვერც ხელდახელ თამაში ისწავლეს ისე, როგორც ყველას სურდა, თან უძლეველი შერკინების იმიჯიც გაფლანგეს.
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა მენტალობას სხვებზე უკეთ სამხრეთელი გაიგებს. შესაძლოა ეს იყოს ფრანგი, სამხრეთაფრიკელი ან არგენტინელი, მაგრამ ამ უკანასკნელებს თავისი გასჭირვებიათ.
ახალზელანდიელებზე უკვე მოგახსენეთ, ხოლო ავსტრალიელები ქართველებს მენტალურად ვერანაირად ეწყობიან, რასაც ტიმ ლეინის ან თუნდაც ჰეიგის ავსტრალიელი ასისტენტების მაგალითი მოწმობს. ინგლისელი ან ზოგადად ბრიტანელი ალბათ არა, რადგან ევროპის ჩრდილოეთ-დასავლეთში ქართულისგან რადიკალურად განსხვავებულ რაგბის თამაშობენ.
რჩება სამხრეთაფრიკელი ან ფრანგი. ფრანგის სასარგებლოდ ის გარემოებაც იმუშავებს, რომ ფაქტობრივად არ იარსებებს ენობრივი ბარიერი, რადგან მოქმედ და მომავალ ბორჯღალოსანთა 90% ფრანგულ ტოპ 14-სა და პრო დე 2-ში თამაშობს. თან ფრანგი სპეციალისტი რამდენიმე ქართველისთვის, ალბათ, პირადი ნაცნობი იქნება. რაც შეეხება სამხრეთაფრიკელს, მსოფლიო ჩემპიონი ქვეყნის წარმომადგენელი იქაური რაგბის სტილიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად უნდა მოერგოს ქართულ რაგბის.
მოკლედ, არჩევანი რაგბის კავშირის მომავალ მმართველებზეა, მათი გადასაწყვეტია ვინ იქნება ბორჯღალოსნების მეოთხე უცხოელი მწვრთნელი…