კრამიტებს ამტვრევდაო ვერ ვიტყვით, მაგრამ ხელწამოსაკრავი ჩოგბურთელი არასდროს არავისთვის ყოფილა. თავისი სათამაშო სტილით, შეუპოვრობით და ბრძოლისუნარიანობით კი გამოირჩეოდა და არაერთი ხმაურიანი გამარჯვებაც მოუპოვებია.
კალათბურთივით არა, თუმც სიმაღლე უმნიშვნელო ფაქტორი არც ჩოგბურთშია, რაც მოთამაშეს მოწოდების დროს დიდად ეხმარება. ის კი ტანდაბალი გახლდათ (160 სმ.), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია უმაღლეს დონეზე ეთამაშა და საკუთარი კოლექცია პრესტიჟული ტურნირების ჯილდოებით შეევსო.
30 წლის ასაკში დომინიკა ციბულკოვამ კარიერა დაასრულა. მიზეზი კი აქილევსთან დაკავშირებული პრობლემებია, რაც ბოლო ხანს სლოვაკ მეჩოგნეს გასაქანს არ აძლევდა.
„აქილევსთან დაკავშირებული რეციდივი ჩემს ცხოვრებაში ერთერთ ყველაზე რთულ ეტაპად გადაიქცა. რა ეშველება ჩოგბურთს? ეს ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა. ბევრი ყოყმანი, ფიქრის, ოჯახთან, მეგობრებთა და სამწვრთნელო შტაბთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება კარიერა დავასრულო. მარტივი არ ყოფილა, მაგრამ იმასაც ვაანალიზებ, რომ აქილევსი არ მომცემს საშუალებას კორტზე ისეთივე კონკურენტუნარიანი ვიყო, როგორც განვლილ წლებში. როცა ამ სიტყვებს ვწერ, გრძნობები ერთმანეთში ირევა. გონებაში შიში და გაურკვევლობაა. როგორი იქნება ჩემი მომავალი ჩოგბურთის გარეშე? რას მიმზადებს ცხოვრება? ბუნებრივია, მომენატრება კორტზე გასვლა, გულშემატკივართა ქომაგობა, ის განცდები და სიამოვნება ჩოგბურთის თამაში რომ მანიჭებდა. ჩოგბურთი მუდამ დარჩება ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშნელოვან ნაწილად. მიმძიმს უკან მოხედვა, რადგან იქ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს ვტოვებ, მაგრამ მოვიდა დრო ახალი ფურცელი გადავშალო,“ – ასე დაემშვიდობა დომინიკა ციბულკოვა გულშემატკივრებს.
აწ უკვე ყოფილმა ჩოგბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ის ავტობიოგრაფიულ წიგნზე მუშაობს, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს.
სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ კარიერის მანძილზე WTA-ს 8 ტიტულის მოგება შეძლო, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული უდავოდ 2016 წელს ქალთა შემაჯამებელ ტურნირზე ტრიუმფი გახლდათ. ის ერთხელ დიდი სლემის ჯილდოსთანაც ერთ ნაბიჯში იყო, როდესაც 2014 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, მაგრამ ჩინელ ნა ლისთან დამარცხდა.
ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ დომინიკა ციბულკოვას საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგის მე-4 ჩოგნობა იყო.