გიორგი შერმადინს ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებით თამაშში კლუბის გამოცვლა და ადაპტაციის პროცესი ხელს სულაც არ უშლის.

საქართველოს ნაკრების გამოცდილი ცენტრი „ტენერიფესაც“ იდეალურად მოერგო და რა გასაკვირია რომ გუნდის ლიდერობაც იკისრა. ACB ლიგის მერვე ტურში, შერმადინის გუნდმა “სან პაბლო ბურგოსს” საშინაო კედლებში 85:82 მოუგო. პარკეტის ორ მხარეს, სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გახლდათ – აქეთ, ცხადია გიორგი შერმადინი, ხოლო სტუმართა ხუთეულში ნატურალიზებული მაკფადენი.

შერმადინმა თითქმის 28 წუთი ითამაშა და შეხვედრის MVP გახდა. ქართველმა 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, ორჯერ კი მეტოქის ფარის დალაშქვრაში თანაგუნდელს დაეხმარა. რაც შეეხება მაკფადენს, მას 9 ქულა და 4 პასი ჰქონდა და შედეგიანობით გუნდში მეოთხე იყო.

შერმადინის გუნდმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. „ტენერიფეს“ შემდეგი შეხვედრა უკვე ჩემპიონთა ლიგაში, „გაზიანთებთან“, 13 ნოემბერს ელის.