საქართველოს ნაკრების შემტევი ბექა ბურჯანაძე ნელ-ნელა უმატებს და ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. 25 წლის ქართველს, ვინც „გრან კანარიაში“ პირველ სეზონს ატარებს, ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში შედეგიანი მატჩი გამოუვიდა. „გრან კანარია“ სტუმრად „ბილბაოს“ 97:90 მოუგო, გამარჯვებაში დიდი წვლილი კი სწორედ ქართველმა კალათბურთელმა შეიტანა. ბურჯანაძემ 17 ქულა აიღო და ამ მხრივ შეხვედრაში მხოლოდ 2 კალათბურთელს ჩამორჩა. გარდა ამისა, ბექამ 2 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა. 4-4 მოგება/წაგებით „გრან კანარია“ მეშვიდე ადგილზე და საფლეიოფო ზონაშია, მორიგ შეხვედრას კი „მურსიასთან“ გამართავს... თავის მხრივ დუდა სანაძე სლოვენიის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ, ფეხს პორტუგალიის ჩემპიონატშიც იკიდებს. რეგულარული გათამაშების მეექვსე ტურში, „ოლივეირენსემ“ „ვიტორია“ შინაურ დარბაზში დიდი ანგარიშით დაამარცხა (90:63) და სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ძირითად ხუთეულში მყოფმა დუდა სანაძემ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და 20 ქულა აიღო, რაც შეხვედრაში მეორე შედეგი იყო. 27 წლის ქართველმა კალათბურთელმა 2 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, 4-ჯერ კი გაფრთხილება მიიღო. სანაძის გუნდს ერთადერთი მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ლისაბონის „ბენფიკას“ ჩამორჩება. „ოლივეირენსე“ შემდეგ ტურში „ბარეირენსეს“ ესტუმრება.