„იუვენტუსმა” „მილანს” 1:0 მოუგო. გოლი 77-ე წუთზე პაოლო დიბალამ გაიტანა. დიბალა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. მან კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა.

როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რონალდუ შეცვლამ გააღიზიანა. მან მწვრთნელს მაურიციო სარის ცივად ჩაუარა და უკმაყოფილო შევიდა გასახდელში. ამბობენ, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშის დამთავრებას აღარც კი დაელოდაო.

34 წლის ვარსკვლავის ასეთმა ქცევამ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო გააბრაზა. მან თქვა:

„არ მიყვარს ასე რომ იქცევიან. ლამაზი არ არის. თუკი ბუნებით ჩემპიონი ხარ, როდესაც შეგცვლიან, მაშინაც ასეთად უნდა დარჩე.

ცხადია, გულში რონალდუ დიდ ვარსკვლავად რჩება, მაგრამ დღეს „იუვენტუსში” არიან დიბალა და დუგლას კოშტა, რომლებსაც თამაშების მოგება პორტუგალიელის გარეშეც შეუძლიათ.

ბრავო სარი. მას ეყო მხნეობა და რონალდუ შეცვალა. ამას ხასიათის სიმტკიცე სჭირდება. მან იცის, რომ „იუვეში” თამაშის ბედის გადაწყვეტა ყველას შეუძლია.

დიახ, კრიშტიანუ კარგა ხნის განმავლობაში იყო ის ფეხბურთელი, რომელიც თამაშებს იგებდა, მაგრამ ახლა ასე აღარაა. ის ძველებურად სწრაფი და დინამიკური აღარ არის”.

კაპელოსგან განსხვავებით თავად სარი შემრიგებლურ პოზიციაზე იდგა. მან თქვა, რომ კრიშტიანუს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და ამიტომ შეცვალა. ასეთ დღეში მყოფ კაცს მოედანზე დგომისა და თავდადებისთვის მადლობა ეკუთვნისო, თქვა მწვრთნელმა.