6 წელია „ანორთსისს“ ევროსაებიელზე არ უთამაშია (2013 წელს „დილასთან“ დამარცხდა), ბოლო ტიტული კი მაშინ მოიგო, გუნდის თილისმად ქცეული თემურ ქეცბაია მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და თავკაცმა ფამაგუსტურ კლუბში სამჯერ ჩემპიონობა, ორჯერ თასი და ერთხელ სუპერთასიც მოიგო.

51 წლის სპეცლიატი წინა ზაფხულს კვიპროსულ კლუბს დაუბრუნდა და გუნდი ნანატრი ტიტულებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს, თანაც 4 ქართველი ფეხბურთელის დახმარებით. გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავას, მურთაზ დაუშვილის და თორნიკე ოქრიაშვილის გუნდმა მერვე ტურშიც ქულა აიღო, წაუგებლის სტატუსი გაიმყარა და პირველ ადგილზეც დამაჯერებლად დგას, თანაც მეტოქეებზე ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

უქმეებზე „სალამისთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაში, ქეცბაიას გუნდში ოთხივე ქართველმა ითამაშა: ლორია ხომ ძირითადი შემადგენლობის წევრი და შეუცვლელი მეკარეა, მოედანი არც ნიკა კაჭარავას დაუტოვებია, ვისაც სეზონში 2 გოლი აქვს გატანილი, დაუშვილსა და ტრავმამოშუშებულ ოქრიაშვილს კი თამაშში ჩართვა მეორე ტაიმიდან მოუწიათ.

მოკლედ, 8 ტურის მერე, ქართველების „ანორთოსისი“ 18 ქულით გამოკვეთილი ლიდერია, წინ კი „აპოელთან“ საჩემპიონო მარათონი ელის.