ლონდონამდე, მილანი იყო. კორტზე დიდების როკვამდე, ჯერ პატარებმა ჩაიცეკვეს – ვაჟთა შორის ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა, რომელიც ამ 3 წლის წინ დაარსდა და  სულ უფრო პოპულარული ხდება.

მომავალი თაობა, ასე ეწოდება ტურნირს, რომელიც საჩოგბურთო რუკაზე თავის ადგილს წარმატებით იმკვიდრებს. დიდების შემაჯამებლის მსგავსად, მონაწილეთა რაოდენობა აქაც 8 სპორტსმენისგან შედგება, განსხვავება კი სეტების მოცულობასა და ანგარიშშია. საბოლოო გამარჯვებისთვის 3 პარტიის მოგებაა საჭირო, ოღონდ სეტის დასახურად არა 6, არამედ 4 გეიმის მოგებაა საჭირო. ანუ მარტივად რომ ვთქვათ სეტში თამაში ოთხამდეა, ხოლო თანაფარდობის  შემთხვევაში პარტია თავისი ტაიბრეიქით 5-მდე გრძელდება.

20  წლამდე საუკეთესო  მოთამაშეები მილანში უკვე მესამედ შეიკრიბნენ. 2017 წელს, ტურნირის პირველი ჩემპიონი კორეელი ჰეიონგ ჩუნგი გახდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა იყოჩაღა.

წლეულს კი ყველას იანიკ სინერმა აჯობა. 18 წლის იტალიელი მეჩოგნე ტურნირზე ბოლო ნომრად იყო განთესილი. სპეციალისტების აზრითაც აუტსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა საჩემპიონო თასი კი მოიპოვა. სინერს სათვალავში, ალბათ, არც ალექს დე მინაური აგდებდა, რომელიც შეჯიბრის უდავო ფავორიტი იყო და შესაბამისად პირველი განთესვაც ჰქონდა. მგონით, ფინალში სინერის გასვლა დიდადაც ეამებოდა, რადგან გონებაში მარტივ გასეირნებას გეგმავდა, მაგრამ იტალიელმა მეჩოგნემ თავისი ადგილი მიუჩინა. მეტი თვალსაჩინოებისთვის ისიც ვთქვათ, რომ ავსტრალიელი მსოფლიოს მე-18 ჩოგანია, ხოლო იტალიელი 95-ე.

იანიკ სინერმა სამ სეტში – 4:2, 4:1, 4:2 იმარჯვა და კარიერაში პირველი ტიტულიც მოიხვეჭა. ამასთან მან 327 ათასი დოლარიც გამოიმუშავა, რაც იმაზე მეტია, რაც მას მთელი კარიერის მანძილზე ქონდა ნაშოვნი.

წილი
წინა სტატიაბუდუ მეგოლე
შემდეგი სტატიაკაცი ქალებში
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.