ბოლო დროს იშვიათობა გახდა, ეროვნული ლიგის ბომბარდირს უცხოეთშიც მყარად მოეკიდებინოს ფეხი, თუმც ბუდუ ზივზივაძე, ეტყობა, სხვანაირად ფიქრობს.

თავდამსხმელი, ვინც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ორჯერ გახდა,  ზაფხულში გადაბარგდა უნგრეთში. გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირმა შარშან „დინამოს“ მაისურით 22 ბურთი შეაგდო, წლევანდელი სეზონის პირველ ნახევარში „ტორპედოსთვის“ 13-ჯერ გაიტანა და ეროვნული ლიგიდან წასვლის შემდეგაც მას მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გადაასწრო.

ზივზივაძე ზაფხულში „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა და გუნდთან ერთად საჩემპიონო მარათონში ჩაერთო. ბუდუს გუნდი ბოლო წლების უნგრეთის ჩემპიონებს „ფერენცვაროშსა“ და „ვიდეოტონს“ ტიტულისთვის ბრძოლაში ეცილება, რაშიც 25 წლის ქართველის წვლილი უდიდესია.

ბუდუ აიწყვიტა: უნგრეთის ჩემპიონატში მიჯრით მესამე მატჩში გაიტანა, ჯამში კი სეზონში უკვე 6 ბურთი მოუგროვდა. ბოლო ორ ტურში „მეზოკოვეშდმა“ ფრედ ითამაშა (1:1) და ორივე მატჩში გოლი ჩვენიანმა გაიტანა. მანამდე ჩრდილოელებმა „დებრეცენს“ 3:1 სძლიეს და გამარჯვების გოლი მაშინაც ზივზივაძისა იყო, მანამდე კი „ქიშვარდასა“ და „ზალაეგერშისთან” „მეზოკოვეშდის“ გამარჯვება სრულად ქართველის დამსახურება იყო.

ერთი სიტყვით, ყველა გოლი, რომელიც ქართველს გააქვს, ფრიად მნიშვნელოვანია. ახლა ზივზივაძე ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზეა, ლიდერს კი მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. როგორც ჩანს, ქართველ გოლეადორს თვალს ვლადიმირ ვაისიც ადევნებს და იგი შვეიცარიასთან მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა…

წილი
წინა სტატიასკანდალური გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიასინერიადა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...