ორი დღის წინ გვარიანი კამათი მომიხდა „რეზონანსის“ საკრივო მიმომხილველ ალბერტ ხაჩატურიშვილთან. ეს ხაჩატურიშვილი კრივის მცოდნე კაცია და მძიმე წონაც ძლიერ უყვარს, მაგრამ ერთი ახირებული ზნე სჭირს – ტაისონი ეზიზღება.

რახან ტაისონი ეზიზღება, ჩვეულებრივ, ათას რამეს გამოიგონებს ხოლმე მის საწინააღმდეგოდ და ხან რა ავ სიტყვას დაუწერს, ხან რას.

აი, ახლაც დღევანდელი დიდი ჩხუბის მოლოდინში, ამეღამ რომ გაიმართება ლას-ვეგასში და ორი ვერსიის – საბჭოს (ვბკ) და ასოციაციის (ვბა) ჩემპიონს გამოავლენს, კვლავ ტაისონის ლანძღვაშია.

ჩვენ ზემელზე შევხვდით ერთმანეთს და რა თქმა უნდა, სიტყვა მაიკ ტაისონი – ბრუს სელდონის 7 სექტემბრის ჩხუბზე ჩამოვაგდეთ. გაირკვა, რომ ორივეს გადაგვიწყვეტია წინასაჩხუბო წერილის დაწერა – იმას თავის გაზეთში, მე – ჩემსაში. მას ზურგს ნაირ-ნაირი სააგენტოები უმაგრებს, მე – ჟურნალები „რინგი“, „ბოქსინგ“ და „კეიო“ (ნოკაუტი).

ხაჩატურა კვლავ ძველებურად ატყდა – ტაისონი კი მაგარია, მაგრამ მისი დღენი დათვლილია, რადგან სელდონს რომც მოუგოს, ლენოქს ლუისი დაწიხლავს, ლენოქსმა რომ ვერ აჯობოს, მაშინ ახალგაზრდა ნიუ-იორკელი, შენონ ბრიგსი გამოიწვევს და უეჭველად მოკლავსო.

აი, ასეთ ვიღაცეებს გამოჩხრიკავს – შენონ ბრიგსიო, ვისაც სოფლის ბიჭებთან 16 ბრძოლა მოუგია.

ეგ რა არის, მარტში მიმტკიცებდა, ფრენკ ბრუნო ჩემპიონობას დაინარჩუნებსო, ე.ი. ბრუნო უნდა მორეოდა ტაისონს. ამ საქმემ მეოთხე რაუნდამდე ძლივს გასტანა და შედეგი ის არის, რომ ახლა ბრუნო ტაისონის მიერ დასიებული თვალიდან ხეირიანად ვერ იყურება და თუკი რინგზე ავიდა, დაბრმავდება კიდეც.

ხაჩატურიშვილმა ის ვეღარ გაბედა, სელდონი ტაისონს მოერევაო, მაგრამ ეშმაკურად კი ჩამეკითხა, როგორ ფიქრობ, რამ სიგრძე ბრძოლა იქნებაო, და მეც თითქოს ტაისონი ვიყო, გავიფხორე, სამ რაუნდს არ გასცდებაო. მან მითხრა, აგერ შენ და აგერ მე: შვიდ რაუნდზე ნაკლები არ იქნება, თუ მეტი არაო. ორივენი ტაისონის მოგებას ვგულისხმობდით, მაგრამ რაუნდთა სხვაობამ ლუდზე ნაძლევი გამოიწვია და ასე დავცილდით.

ახლა კი, მინდა უმოკლესად მოგითხროთ ბრუს სელდონის შესახებ. ის კლასიკური „მუყაოს მეფეა“. ეს სახელი ჰქვიათ კაცებს, რომელთა ჩემპიონობაც, ზოგადად რომ ვთქვათ, ტაისონის ციხეში ჩაჯდომამ გამოიწვია. ტაისონმა ვერ მოასწრო ბასტერ დაგლასის მიერ მისთვის წართმეული და სამად დაშლილი ერთიანი ჩემპიონობის დაბრუნება, ციხიდან გამოსულს კი ვერსიათა ჩემპიონებად ნამყოფნი დაუხვდნენ სულ ჭრელი გაქანების ხალხი.

ჩვენ ბრუს სელდონი გვაინტერესებს და გეტყვით, ვინც არის. ასოციაციის ახლანდელი ჩემპიონი 29 წლისა და ნიუ-ჯერსიში, გლოსთერ-ქაუნთიში ცხოვრობს. რინგზე 33-ჯერ მოიგო და სამჯერ დამარცხდა, აქედან ორჯერ – ნოკაუტით: რიდიკ ბოუსა და ოლივერ მაქქოლთან. ოთხი წელი ხდება, არ წაუგია, რადგან ყოველთვის თავისაზე ნაკლებ ხალხს ხვდებოდა.

საუკეთესო მოგებებად გრეგ პეიჯის, ჯო ჰიპის და ტონი ტაკერის დანოკაუტებას უთვლიან. ამ უკანასკნელს წლინახევრის წინ ასოციაციის ქამარი წაართვა. ამის შემდეგ ერთადერთხელ იჩხუბა ნახსენებ ჰიპთან და ტიტული დაიცვა.

უქებენ ათლეტურ აღნაგობას, ჯებსა და მოხდენილობას. ნიკაპი შუშისა აქვს: დასცხებ – გაუტყდება.

კარგად აწყობილი, ჩვეულებრივი მძიმეწონოსანია – გამოცდილი, მაგრამ არა განსაკუთრებული, ხაჩატურიშვილი ბრძოლის გაწელვის ხელოვნებას უქებს, თუმცა რიდიკ ბოუსთან პირველსავე რაუნდში დამარცხდა.

ტაისონი კი – განა საჭიროა ტაისონზე ლაპარაკი? ვფიქრობ, ლუდს მე მოვიგებ. აბა, ვის აქვს მაიკის დარი ხათქუნა მუშტები და ქარივით კომბინაციის უნარი?

7.09.1996

 

წილი
წინა სტატიაბანკ-იანი დოპინგი
შემდეგი სტატიასკანდალური გადაწყვეტილება
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.