ვინსენტ კომპანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ტრებლის ტრიუმფი” ამბობს, რომ 2018 წლის აპრილში, „სიტის” ავტობუსზე ლივერპულელი ფანების თავდასხმამ „ქალაქელები” და მერსისაიდელები დიდ მოქიშპეებად აქცია. შეგახსენებთ, რომ „ენფილდ როუდისკენ” მიმავალ ავტობუსს ბოთლები, ქვები და მაშხალები დაუშინეს.
იურგენ კლოპმა თქვა, რომ მაშინდელი უაზრო აგრესია სამარცხვინო იყო და მის კლუბს ბრბოს ასეთ საქციელზე პასუხი მართლაც უნდა ეგო.
მერსისაიდის პოლიციამ პეპ გვარდიოლასა და მის გუნდს შეატყობინა, რომ კვირისთვის, როდესაც „ლივერპული” კვლავ მასპინძლობს „ქალაქელებს”, უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იქნება. წესრიგის მცველები ყველა ღონეს იხმარენ უწინდელი რომ აღარ განმეორდეს.
წიგნში, რომელიც კომპანიმ ჟურნალისტ იან ჩისიმანთან ერთად დაწერა, წერია:
„მე ავტობუსში ვიჯექი, როდესაც აგურები დაგვიშინეს. ეს იყო მომენტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ქიშპობა გაღვივდა და „სიტისთვის” „ლივერპული” გახდა გუნდი, რომელიც უპირველეს ყოვლისა უნდა დაამარცხოს. მანჩესტერელი ფანების განწყობა „ლივერპულისადმი” შეიცვალა. „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შეხვედრები ყოველთვის დაძაბული იყო, მაგრამ იმ დღის მერე განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა”.
შეგახსენებთ, რომ „სიტის” ავტობუსს მერსისაიდელი ფანები თავს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის წინ დაესხნენ. ის შეხვედრა „ლივერპულმა” 3:0 მოიგო.
კომპანი, რომელიც ახლა 33 წლისაა, იგონებს: „ვერ ვიტყვი, რომ ავტობუსში მსხდომთაგან ვინმე შეშინდა, მაგრამ მდგომარეობა, რომელშიც აღვმოჩნდით ძალიან უსიამოვნო იყო. ასეთი რაღაც არასდროს უნდა გამეორდეს. მგონი ამ ინციდენტმა ბევრ ნეიტრალურ ადამიანსაც შეუცვალა „ლივერპულზე” შეხედულება.
მეტოქესაც არ უნდა დავუკარგოთ. ის ძლიერი გუნდი იყო, რომელსაც იოლად ვერ აჯობებდი. რასაკვირველია, დაპირისპირების შედეგზე სხვა მომენტებმაც იმოქმედა. კერძოდ, არ-დანიშნულმა პენალტებმა, საეჭვო ოფსაიდებმა, აშკარა გოლმა, რომელიც საპასუხო შეხვედრაში არ ჩაგვითვალეს”.
როგორც მოგახსენეთ, ხვალ, პრემიერლიგის მე-12 ტურში „ლივერპული” კვლავ „მანჩესტერ სიტის” მასპინძლობს. ცხრილში მერსისაიდელები პირველ ადგილზე არიან, მანჩესტერელები — მეორეზე.