„რეალსა” და „ბარსელონას” რომ მხოლოდ გულშემატკივართა არმიები კი არა, თავიანთი მხარდამჭერი პრესა-საიტ-ტელევიზიებიც ჰყავთ, დიდი ხნის ცნობილი ამბავია. არც ის არის დამალული, რომ მადრიდული „მარკა” რეალის აპოლოგეტია.
ალბათ ამიტომაც გადაბეჭდა „მარკამ” დიდი სიამოვნებით ჯეიმი კარაგერის პოდკასტის ის ნაწილი, სადაც ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ხუთკაციანი გუნდის მისეულ ვერსიას ასახელებს.
„მე დავასახელებდი პელეს, დიეგო მარადონას, იოჰან კრუიფს, ფრანც ბეკენბაუერს და… მიქაელ ლაუდრუპს. ლაუდრუპი ხუთეულში აუცილებლად უნდა იყოს.
არასდროს მესმოდა რატომაა ლაუდრუპი ასეთი დაუფასებელი. როდესაც საფეხბურთო დელიკატესზე ლაპარაკობ, დანიელი უეჭველად უნდა ახსენო”, — თქვა ანრიმ.
შეამჩნევდით, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ხუთეულში ლეო მესისთვის ადგილი ვერ მოიძებნა. არადა, ანრი და მესი თანაგუნდელები იყვნენ.