ტოტენჰემელმა ჰიუნგ-მინ სონმა ზაგრებში „ცრვენა ზვეზდას” ორი გოლი გაუტანა, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღების გამახვილება კორეელის პირველ გოლზე გვსურს — გოლი სონმა კვირას, მასთან ორთაბრძოლაში დაშავებულ პორტუგალიელ ანდრე გომეშს მიუძღვნა. „სფურზისა” და „ზვეზდას” შეხვედრა კი დასრულდა 4:0 „დეზების” გამარჯვებით. ამ გამარჯვების წყალობით ლონდონელები ფლეი-ოფის ეტაპს მიუახლოვდნენ.

ანდრე გომეშის ტრავმის შესახებ  „ევერტონისა” და „ტოტენჰემის” თამაშის, უფრო სწორედ კი უიღბლო ინციდენტის აღწერის დროს უკვე გესაუბრეთ და ვიდეოც წარმოგიდგინეთ. ყველას კარგად ახსოვს, როგორ განიცადა სონმა გმეშის კოჭის ტრავმა. წერდნენ, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სახარბიელო არ იყო, მაგრამ „ცრვენა ზვეზდასთან” შეხვედრაში კორეელი მოედანზე ვიხილეთ.

ცნობილი გახდა, რომ სონმა გომეშს მოუბოდიშა — პერსონალური მესიჯი მისწერა. ბელგრადული მატჩის შემდეგ კი თქვა: „სიტუაციიდან და ადამიანის პატივისცემიდან გამომდინარე ზეიმის მოწყობა არ მინდოდა. მსურს ანდრე გომეში მალე გამოჯანმრთელდეს”.

შემდეგ თავდამსხმელმა, რომელიც ამ შემოდგომაზე, სტამბოლში, საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებების შეხვედრაშიც ვიხილეთ, გომეშის დაშავებით გამოწვეულ მის პირად გრძნობებზე ილაპარაკა:

„რამდენიმე ძალიან მძიმე დღე გადავიტანე. საბედნიეროდ, ყველა მხარში დამიდგა. ძალიან ვწუხარ ანდრე გომეშთან დაკავშირებული შემთხვევის გამო, მაგრამ როგორც ფეხბურთელი ვალდებული ვარ მთელი ყურადღება „ტოტენჰემზე” გადავიტანო და ჩემს გულშემატკივარს სწორად მოვექცე. ახლა მივხვდი, რამდენად ბედნიერი კაცი ვყოფილვარ. მყავს გულშემატკივრები, მეგობრები და თანაგუნდელები”.

„სფურზის” არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ დასძინა, რომ „გუდისონ პარკზე” მომხდარი უიღბლო შემთხვევის შემდეგ სონისთვის გონს მოგება აუცილებელი იყო და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მომხდარიყო.

„ის მალე გამოვიდა სტრესიდან, რაშიც ძალიან დავეხმარეთ. გომეშის ტრავმა მხოლოდ სონის დრამა არ ყოფილა. ეს მოედანზე ყველას საწუხარი გახლდათ. პორტუგალიელს უმოკლეს დროში ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას”.

შემდეგ პოჩეტინომ ილაპარაკა, რომ ბელგრადში სამი ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. ამ გამარჯვებამ „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ბოლოხანს შერყეული რწმენა აღუდგინა. შეაქო მოწინააღმდეგეც, უფრო სწორად ზღვარგადასული ხმაურით ცნობილი ბელგრადელი გულშემატკივარი — თქვა, აქ გამარჯვება ძნელი საქმეაო და სხვა.

ამასობაში კი ანდრე გომეშს წარმატებით ჩაუტარდა კოჭზე ოპერაცია და მან გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში დიდი მადლობა გადაუხადა.

 

 

წილი
წინა სტატიარეკორდი
შემდეგი სტატიაცამეტი…
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.